ხვალ, 16:00 საათზე, საქართველოში დამსაქმებლებისა და დასაქმებულების გაფიცვა იგეგმება

25 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოში საყოველთაო გაფიცვა იგეგმება. ღონისძიების ანონსის თანახმად, დასაქმებულები და დამსაქმებლები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკას, საკუთარი სამსახურის წინ გაიფიცებიან, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მარში მოეწყობა.

დაგეგმილი პროტესტის თანახმად, მსვლელობა შემდეგი ადგილებიდან მოეწყობა: ვაკის პარკიდან (მარო მაყაშვილის სახელობის მარში), ამაღლების ქუჩიდან (იუნკერების სახელობის მარში), ავლაბრის მეტროდან (გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში), მარჯანიშვილის მოედნიდან (ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში), სადგურის მოედნიდან (ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში) და სპორტის სასახლიდან (გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარში).

„25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს, 1921 წელს, თბილისის აღებით რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარება. 1921 წლის ნოემბერში, ქართველი ხალხი გაიფიცა და ამ ფორმით აჩვენა წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. ცხადია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად, ხოლო 1924 წლისა და 1937 წლის რეპრესიებმა ათწლეულობით დაასამარა დამოუკიდებლობის იდეა.

25 თებერვალი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ისტორია განმეორდება. დღეს, ქართველები ზუსტად იმავე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, სადაც ან გავიმარჯვებთ, ან დავკარგავთ ყველაზე ფასეულს - სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

უკვე სამი თვეა უწყვეტად ვდგავართ ქუჩაში და ვიცავთ საკუთარ მომავალს და განსხვავებით წარსულისგან, ამ ბრძოლაში ვართ ბევრად ძლიერები. ამიტომ, 25 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველო გაიფიცება. გაიფიცება დასაქმებული თუ დამსაქმებელი, ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს სიმდიდრეს, ასაზრდოებენ საქართველოს ეკონომიკას. დავდგებით საკუთარი ოფისებისა და სამსახურების წინ და შემდეგ მარშებად დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები მივალთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც სიცოცხლე ამავე იდეალებისთვის საქართველოს შესწირეს.

მივალთ 49 სინდისის პატიმრის სახელით!მივალთ 500 ნაცემი და ნაწამები თანამებრძოლის სახელით!მივალთ ათასობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით!მივალთ ათიათასობით შეურაცხყოფილი ადამიანის სახელით!მივალთ ასიათასობით გაბრაზებული ადამიანის სახელით!მივალთ საქართველოს სახელით!მივალთ გმირებთან, მათ მოედანზე, რწმენით, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის საქართველოს დროშა იფრიალებს!“, - ვკითხულობთ გაფიცვის ანონსში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს, საყოველთაო გაფიცვაში დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა ერთხელ უკვე მიიღეს მონაწილეობა. მაშინ გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.