2024 წელს ამერიკაში 132.6 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტში უდიდესი წილი ფეროშენადნობებზე მოდიოდა.
უფრო კონკრეტულად, 2024 წელს 5 ძირითადი საექსპორტო ქართული პროდუქცია აშშ-ში ასე გამოყურება:
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომელმაც 2024 წელს ამერიკაში ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, გთავაზობთ, ვის ეკუთვნის TOP 10 ექსპორტიორი კომპანია:
სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ 2015 წელს არის რეგისტრირებული. Reportal.ge-ის მონაცემებით, კომპანიის აქციონერები არიან: სს „საქართველოს განვითარების ფონდი“ (ყოფილი დასახელება სს „საპარტნიორო ფონდი“) 33.33333%; შპს „პროექტი“, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია და 100%-იანი წილის მესაკუთრეა „საქართველოს განვითარების ფონდი“ - 33.333333% და Elbit Systems - cyclone LTD (Israel) - 33.333333%.
შპს „პალატი 2022“ – 2022 წელს რეგისტრირებული კომპანიის დირექტორია ტარიელ ცუცქირიძე. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, წილების ნახევარს შპს „ინვესტ გრუპი“ ფლობს, ხოლო მეორე ნახევარს ინდონეზიაში დაფუძებული შპს PT BAHAN KONSTRUKSI INTERNASIONAL.
შპს „რუსთავის ფოლადი“ რეესტრში 2011 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ისრაელის მოქალაქე იგორ კორიტკოა, წილებს კი სრულად ნიდერლანდებში დაფუძნებული შპს „ტოლანიუს ბიჰეერ ბი.ვი.“ ფლობს.
შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ 2018 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი გიორგი ჭელიძეა. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, კომპანიის წილებს სრულად ჭელიძე ფლობს.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანიის წილებს ლუქსემბურგში დაარსებული შპს „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“ ფლობს. კომპანიის სპეციალური მმართველი ბესიკი კირთაძეა, დირექტორი კი ლავრენტი თუთბერიძე.
1996 წელს რეგისტრირებული შპს „არომაპროდუქტის“ დირექტორი ვლადიმერ გუგუშვილია. კომპანიას ჯამში 12 მეწილე ჰყავს, სიადანაც წილების უდიდეს ნაწილს, 81.35%-ს ვლადიმერ გუგუშვილი ფლობს, 11 მეწილე და დარჩენილ პროცენტებს ინაწილებს.
შპს „სილმეტი” სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე დანიელ ჰარვი გოლდბერგია. კომპანიის წილებს სრულად ამავე ქვეყანაში დაფუძნებული MTALX Global Holdings Limited ფლობს.
2022 წელს დაფუძნებული შპს „ჯორჯია ფროზენ ბერრის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე იცხაკ აიზექ შნიბელგია.
შპს „ჯსს ჯორჯია“ რეესტრში 2023 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ანდრეი ზადირანია. ისვე ფლობს კომპანიის 100%-იან წილებს.
„აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალი“ სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. „ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. თუმცა, დაწესებული სანქციების გამო, 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა. შედეგად, აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება - „ერასმონი ლიმიტედი რისაში“ იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული და სანქცირებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია „რისაში“, რომელიც ფლობს კომპანია „ბორჯომს“.
შენიშვნა: ადგილობრივი ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
აღშანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა, ეს კი მაშინ, როცა მაგალითად 2024 წელს სავაჭრო პარტნიორებს შორის აშშ მესამე ადგილს იკავებდა და მას თურქეთი და რუსეთი უსწრებდა. 2025 წლის იანვარში სავაჭრო ბრუნვა აშშ-საქართველოს შორის 361 მლნ დოლარს აჭარბებდა, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 2.9-ჯერ გაზრდილი მონაცემია. 2024 წლის იანვარში კი ბრუნვა 122.7 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბრუნვის ზრდა დაკავშირებული იყო იმპორტის ზრდასთან. კერძოდ, იანვარში წლიურად აშშ-დან იმპორტი 196%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2025 წლის იანვარში 357 მლნ დოლარზე მეტი პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 120.5 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტის წილი ბრუნვაში მცირედი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, წლიურად მონაცემები 136%-იან ზრდას აჩვენებს. მაგალითად, წელს იანვარში ექსპორტირებულია 4.18 მილიონ დოლარის ქართული პროდუქცია, შარშან იმავე თვეში კი 1.77 მილიონ დოლარის.