„სებ-მა ეს იპოთეკური დაკრედიტების წასახალისებლად გააკეთა - ვიცით, რომ პრობლემები არსებობს ეკონომიკაში“

„ამ ცვლილებით, იპოთეკური სესხის აღება გამარტივდება - უძრავი ქონების შესაძენად, წინასწარ უფრო ნაკლები თანხა იქნება საჭირო“, - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია, ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსავლის მიმღები პირებისთვის იპოთეკის შემთხვევაში სესხის უზრუნველყოფის მაჩვენებელი 70%-დან 80%-მდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ შესასყიდი უძრავი ქონება 100 000 ლარი ღირს, კომერციული ბანკისგან მაქსიმალური თანხა, რომლის სესხებასაც მოქალაქე შეძლებს, 80 000 ლარი იქნება (აქამდე ეს თანხა 70 000 ლარი იყო).

როგორც გიორგი კეპულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, სხვანაირად რომ ვთქვათ, უძრავი ქონების შესაძენად, მოქალაქეებს წინასწარ უფრო ნაკლები თანხის მობილიზება დასჭირდებათ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ცვლილებით, იპოთეკური სესხის აღება გამარტივდება, შედარებით. პირობითად, თუ ქონება არის 100 000 ლარის ღირებულების, ბანკი სესხის სახით გალევდათ 70 000 ლარს, დანარჩენი 30 000 თქვენი სახსრები იყო, ახლა კი 20 000 ლარის მობილიზებაა საჭირო. შესაბამისად, ახლა, უძრავი ქონების შესაძენად, წინასწარ უფრო ნაკლები თანხა იქნება საჭირო და ბანკი შედარებით მეტ სესხს მოგცემთ. თუმცა, კონკრეტული სესხის მიხედვით, შესაძლოა, პირობები მაინც ინდივიდუალური იყოს. გააჩნია როგორი მსესხებელია, უძრავი ქონება სად მდებარეობს. მაგალითად, თბილისში თუ არის უძრავი ქონება, უფრო მეტად დაიტვირთება (მეტ თანხად ჩაიდება ბანკში) და ა.შ. შესაძლოა თვითონ ბანკებმა თავისი პირობები წარმოაყენონ“,- ამბობს გიორგი კეპულაძე.

კითხვაზე, რა მიზნით შესაძლოა გაზრდილიყო იპოთეკური და უძრავი ქონებით დატვირთული სესხების უზრუნველყოფის მაჩვენებელი, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, იპოთეკური სესხების წახალისებისთვის.

„ახლა ჩვენ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე გარკვეული ეკონომიკური პრობლემები უკვე შეგვექმნა. ეს გამოკითხვებშიც ჩანს და მათ შორის, „ქართული ოცნების“ მომხრე ბიზნესმენებიც არ მალავენ, რომ პრობლემები არსებობს ეკონომიკაში. როგორც წესი, ეს ძალიან მალე აისახება ხოლმე უძრავ ქონებაში. ადამიანი, რომელიც ბინის შეძენას აპირებს და უყურებს ამ ვითარებას, რა თქმა უნდა, ნაკლები ოპტიმიზმით არის, რადგან მომავალი გაურკვეველია. შესაბამისად, ის თავს იკავებს ყიდვისგან. სავარაუდოდ, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ეროვნულმა ბანკმა ცოტა მეტად წაახალისოს იპოთეკური დაკრედიტება. როგორც იცით, იპოთეკურ დაკრედიტებაზე მიბმულია სამშენებლო სექტორი და ყველა სხვა დაკავშირებული ბიზნესი, იქნება ეს: რემონტი, ავეჯი, ტექნიკა და ა.შ. არადა, აქამდე ძალიან კონსერვატორული იყო ეროვნული ბანკის მიდგომა. ის ცდილობდა პორტფელი ძალიან მალე არ გაზრდილიყო , რომ შემდეგ პრობლემები არ წარმოქმნილიყო“,- ამბობს გიორგი კეპულაძე.

ნინი ქეთელაური