ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, დასავლეთის ავტობანი, ქმნის ახალ მაპროვოცირებელ ფაქტორს - რეზო გეთიაშვილი

„უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ავტობანი [დასავლეთის], ქმნის ახალ მაპროვოცირებელ ფაქტორს. გარკვეული საფრთხე ექმნება თავად ინფრასტრუქტურასაც“ - ამის შესახებ „სენის“ პროექტების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ გურიაში სტიქიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს დამატებითი კვლევები, რადგან შესაძლოა, გარკვეული საჭიროებები გამოიკვეთოს.

ამასთან, რეზო გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა და მოსახლეობის ევაკუაციაზე დღეს საუბარი, დაგვიანებულია. მისი თქმით, იმისთვის, რომ არ მივიღოთ დრამატული შედეგები, რეგირება ყველაზე მნიშვნელოვანია.

„გვაქვს საკმაოდ რთული მდგომარეობა და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია რეაგირების ნაწილი, იმისთვის, რომ არ მივიღოთ მძიმე და დრამატული შედეგები. თუ ევაკუაციაზე დღეს ვსაუბრობთ, ეს უკვე დაგვიანებულია, იმიტომ, რომ მოსახლეობა არის მოწყვეტილი გარესამყაროს და საფრთხეები, რაც შეიძლება გამოიწვიოს დიდთოვლობამ, სახეზეა. ალბათ, ამას დასჭირდება კარგია ანალიზი, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მზად დახვდეს სახელმწიფო ასეთ ანომალიურ მეტეოროლოგიურ მოვლენას. ამ მასშტაბის თოვლი ყოველთვის შეიძლება მოვიდეს.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის - რას გამოიწვევს ეს თოვლი. არის ზამთრის ბოლო, მოსალოდნელია, რომ თოვლი შეცვალოს წვიმამ სწრაფად და ტემპერატურა აიწიოს. მითუმეტეს, ჩვენ ვსაუბრობთ სტიქიური პროცესებით ყველაზე დამძიმებულ რეგიონებზე, ისეთებზე, როგორიცაა გურია, აჭარა და იმერეთიც. ამას ემატება დიდი ანთრპოგენული ზეწოლა გარემოზე, იგივე უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ავტობანი [დასავლეთის], რომელიც ქმნის ახალ მაპროვოცირებელ ფაქტორს. გარკვეული საფრთხე ექმნება თავად ინფრასტრუქტურასაც. ამ ნაწილში შესაძლებელია, დამატებითი კვლევების და სწრაფი პროგნოზების გაკეთება. იმიტომ, რომ შეიძლება გამოიკვეთოს გარკვეული საჭიროებები. მათ შორის, ევაკუაციის კუთხითაც. იმიტომ რომ ამ სტიქიური პროცესების გაერთიანებამ, შეიძლება, კიდევ უფრო დაამძიმოს მდგომარეობა იმ დასახლებულ პუნქტების, სადაც საფრთხის დონე ისედაც მაღალია და ეს ოფიციალურ ბიულეტენშიც წერია. გვაქვს ძალიან ბევრი ასეთი დასახლებული პუნქტი სამივე რეგიონში. აქ არის უკვე საუბარი, მეწყრული, ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაზე. ამ ყველაფრის გათვლა შესაძლებელია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც სახელმწიფომ, ისე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უკვე უნდა დაიწყონ მუშაობა. მათ შორის, სხვა წლებთან უნდა შედარდეს, როდესაც ჩვენ გვქონდა მსგავსი სტიქიური პროცესები. მაგალითად, ტემპერატურის, ნალექის მაჩვენებლების შედარებით, ჩვენ შეგვიძლია მეტ-ნაკლებად, სწორი პროგნოზების გაკეთება და სასწრაფოდ რეაგირება. ზვავების რისკიც საკმაოდ მაღალია“,- ამბობს რეზო გეთიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, კვირაზე მეტია გურიაში მოსახლეობა სტიქიას ებრძვის. დიდთოვლობის გამო ჩამონგრეულია 50-მდე სახლი, არ არის ელექტროენერგია, წყალი, მედიკამენტები, გზების გაწმენდა ვერ ხერხდება. მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ ოჯახებს საკვებიც გამოელიათ. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი.

ნინი ქეთელაური