Apple-მა განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს აშშ-ში წარმოება გააფართოოს და ამისთვის 500 მილიარდ დოლარს დახარჯავს. აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა, კომპანიას დაეხმაროს, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ახალი ტარიფების თავიდან აცილებაში.
Apple-მა განაცხადა, რომ ინვესტიცია 20 000 სამუშაო ადგილს შექმნის.
სავარაუდოდ, კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თვის დასაწყისში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ნაწარმზე 10%-იანი ტარიფი დააწესა.
ამჟამად Apple ჩინეთში აწარმოებს თავისი პროდუქციის დიდ ნაწილს, მათ შორის iPhone-ების უმეტესობას.
კომპანიის გადაწყვეტილება მედიას დონალდ ტრამპმა თავად გააცნო. მისი თქმით, Apple-ის აღმასრულებელ დირექტორთან ტიმ კუკთან შეხვედრის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა აშშ-ში ინვესტირება დაგეგმოს.
„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ამერიკული ინოვაციების მომავლის მიმართ და ვამაყობთ, რომ ვაგრძელებთ ჩვენს გრძელვადიან ინვესტიციებს შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა კუკმა.
აღსანიშნავია, რომ Apple არ აწარმოებს საკუთარ პროდუქტებს - ის ძირითადად ეყრდნობა კონტრაქტორებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ იმუშავებს ათასობით მწარმოებელ პარტნიორთან, რომლებიც განაწილებულია 50-ვე შტატში, რათა მეტი პროდუქტი აწარმოოს აშშ-ს ობიექტებში.
ეს მოიცავს ახალი სერვერების მწარმოებელ ქარხანას ჰიუსტონში, რომელიც მხარს დაუჭერს Apple Intelligence-ს.
Apple-ში განაცხადეს, რომ 250 000 კვადრატული ფუტის სერვერის ქარხანაში, რომელიც 2026 წელს უნდა გაიხსნას, ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.
ინვესტიციის ნაწილი მოხმარდება დეტროიტში აკადემიის შექმნას, რომელიც მოამზადებს მცირე და საშუალო ბიზნესს ხელოვნური ინტელექტისა და ინტელექტუალური წარმოების ტექნოლოგიების დანერგვაში. კომპანია გააორმაგებს თავის ინვესტიციას აშშ-ის Advanced Manufacturing Fund-ში 10 მილიარდ დოლარამდე.
კომპანია ასევე გააფართოებს მონაცემთა ცენტრის შესაძლებლობებს ჩრდილოეთ კაროლინაში, აიოვაში, ორეგონში, არიზონასა და ნევადაში. გეგმავს ინვესტირებას კორპორატიულ ობიექტებში და Apple TV+ შოუების წარმოებაში 20 შტატში.
წყარო: cnn.com