ნაგავსაყრელებად ქცეული საქართველოს მდინარეები, ხევები და ხეობები
ლეგალური და არალეგალური ნაგავსაყრელების მოუგვარებელი პრობლემა ქვეყნის მასშტაბით, გადავსებული ურნები, გაზრდილი ჯარიმების მიუხედავად დანაგვიანებული ქუჩები, ნაგვის კერებთან გაჩენილი ქუჩის უპატრონო ცხოველები- წლებია, რაც საქართველოში სურათი უცვლელია. "მთელი საქართველოს მდინარეები ნაგავსაყრელად არის გადაქცეული. თითქმის არ დარჩენილა ხევი და ხეობა, რომ ნარჩენებით არ იყოს დანაგვიანებული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი.
ეკოლოგების შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რეგიონებშია, სადაც არაერთი არალეგალური ნაგავსაყრელი არსებობს. როგორც ეკოლოგი, მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, თითქმის ყველა რეგიონში, ყველა სოფლის თავშია მსგავსი არაოფიციალური ნაგავსაყრელი, რაც ზაფხულობით განსაკუთრებით საშიშია. რეგიონებში მსგავსი უნებართვო ნაგავსაყრელების გასაუქმებლად, სახელმწიფომ რამდენიმე თვეა თითოეულ მუნიციპალიტეტში მსგავსი ნაგვის კერების გაუქმება და რეგიონალური ნაგავსაყრელის შექმნა დაიწყო. თუმცა ჩხობაძის თქმით, ამ ეტაპზე პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი მაინც არ არის. მეტიც, მისი თქმით, ამან მუნიციპალიტეტს დამატებითი პრობლემა გაუჩინა, რადგან ნაგვის გადასატანად სახსრები არ ჰყოფნით.
"მყარი ნარჩენების კომპანიამ მუნიციპალიტეტებში 51 ოფიციალური ნაგავსაყრელი ჩაიბარა, რომელიც უნდა შემცირდეს და სანაცვლოდ, 10 რეგიონალური ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელი გაკეთდეს. უკვე შედეგიც არის, რამდენიმე მუნიციპალიტეტში არსებული ნაგავსაყრელები გაუქმდა, თუმცა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ ხარჯი გაეზარდათ და ცენტრალურ ნაგავსაყრელზე ნაგვის გატანა მათთვის პრობლემატურია. თითქმის ყველა რეგიონში შეინიშნება ასეთი პრობლემა, რადგან თვითმართველობებს არც მანქანები და არც ურნები ჰყოფნით. როგორც რეგიონულ შეხვედრებზე გაირკვა, თვითმართველობები მუნიციპალიტეტის მხოლოდ 30%-ს ფარავენ. ყველა სოფლის დაფარვა და იქიდან ნაგვის გატანა ვერ ხერხდება. შესაბამისად, ნაგავი რჩება ადგილზე და თითქმის ყველა სოფლის თავში ნაგავსაყრელი იქმნება. მაგალითად, იმერეთში გვითხრეს, რომ შეშის მოსატანად წასულ ადამიანს ნაგავიც მიაქვს და იქვე ტყეში ტოვებს. ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა კახეთში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მუნიციპალიტეტმა ეს არალეგალური ნაგავსაყრელები გაიტანა ან მიწით გადაფარა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია დარჩენილი. ასევე მძიმე მდგომარეობაა ქვემო ქართლშიც, რადგან არის სოფლები, სადაც ჩვენი მონაცემებით, კვლავ არის რამდენიმე ნაგავსაყრელი განთავსებული. არალეგალურ ნაგავსაყრელებს რაც შეეხება, სულ 1357 ნაგავსაყრელი იყო აღრიცხული. სამეგრელოში, სადაც 34-37 ასეთი არალეგალური ნაგავსაყრელი იყო, დღეს მხოლოდ ორია დარჩენილი. თუმცა კიდევ ერთი პრობლემაა, გაუქმებული ნაგავსაყრელების ნაცვლად, ახლა უკვე სხვა ადგილებში ჩნდება ნაგვის კერა, იქ, სადაც აღრიცხული არ გვქონდა," - ახადებს ჩვენთან საუბრისას ნინო ჩხობაძე.
მისივე თქმით, სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ მსგავს მუნიციპალიტეტებსა თუ სოფლებში, სადაც ხარჯის გამო ვერ ხერხდება ნაგვის გამოტანა, გარემოს დაბინძურებაზე არსებული სანქციები არ მოქმედებს. მანვე სოფლებში არსებული მდგომარეობის საშიშროებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლების ასეთი დანაგვიანება განსაკუთრებით საშიშია ზაფხულში. პრობლემა ისაა, რომ ასეთ ადგილებში გარემოს დაბინძურებაზე სანქციები არ მოქმედებს. ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა დადგენილება მიიღო, რომელშიც მიუთითა, რომ გარკვეული სოფლიდან ნაგავი ვერ გამოაქვს. ტერიტორიაზე კი, საიდანაც ნაგვის გამოტანა ვერ ხორციელდება, სანქციებიც არ ვრცელდება.
"განსაკუთრებული საშიშროება ამ კუთხით ზაფხულობით არის. როდესაც ადამიანები დასასვენებლად სოფლებში მიდიან. ამას ისიც ემატება, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ნარჩენები მოსახლეობის მხრიდან მდინარეებში აკუმულირდება და ეს დამატებით პრობლემას ქმნის. სოფლებში ყველას აფრთხილებენ ამ მდგომარეობის შესახებ, ასევე ცდილობენ ბავშვები მდინარეებში არ ჩაუშვან და ა.შ.", - აღნიშნა ჩხობაძემ.
მისივე შეფასებით, დედაქალაქში ძირითადად სპეციალური სამსახური კარგად მუშაობს, თუმცა ზოგიერთ ხევში მაინც გვრჩება სერიოზული პრობლემები. მაგალითად, ძალიან დაბინძურებულია ლოჭინის ხეობა. როგორც ჩხობაძემ განგვიცხადა, კიდევ ერთი პრობლემა ქუჩებში დასუფთავების მანქანების მოძრაობაა, რომლებიც პიკის საათებში ძალიან ნელა გადაადგილდებიან. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი უკვე დასმულია და მერია მუშაობს, რომ დასუფთავების მანქანები დღის განმავლობაში უფრო ხშირად მოძრაობდნენ და რაც მთავარია, არა პიკის საათებში.
ეკოლოგი, "დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი" ლაშა ჩხარტიშვილი კი აცხადებს, რომ დასუფთავების მხრივ დედაქალაქში მდგომარეობა რეგიონებთან შედარებით უკეთესია, თუმცა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ნარჩენების გადარჩევის და სახიფათო ნარჩენების გამოცალკევების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას.
"ქუჩების დასუფთავების კუთხით თბილისში მეტ-ნაკლებად ნორმალური მდგომარეობაა. რეგიონებს რაც შეეხება, თითქმის ყველგან ძალიან მძიმე მდგომარეობაა. რეგიონებში გარდა ნაგავსაყრელებისა, დასუფთავების პრობლემაც მწვავედ დგას, რის მოგვარებასაც მოქალაქეები დამოუკიდებლად ცდილობენ და ნაგავს პირდაპირ ხევებსა და ხეობებში ყრიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სახიფათო ნარჩენების განცალკევებით არშეგროვება. ისინი სხვა ნარჩენებთან ერთად შერევით გროვდება, რაც სერიოზული რისკია. მნიშვნელოვანია გამოვარჩიოთ როგორც სახიფათო, ასევე ის ნარჩენებიც, რაც გადამუშავებას ექვემდებარება და ძვირფას ნედლეულს წარმოადგენს. უკვე მერამდენე ხელისუფლებაა, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. ერთადერთი დადებითი, რაც გაკეთდა, ნარჩენებთან დაკავშირებით კანონის მიღებაა, თუმცა რაღაც საკითხები მოუგვარებელია, რადგან ჩაწერილი არაა, ნარჩენების კატეგორიზაცია, მათი სახეები, სახიფათო ნარჩენების სახეები და ა.შ. მხოლოდ ჯარიმების გაზრდა საკმარისი არაა. ჯარიმები წინა ხელისუფლების დროსაც იყო, თუმცა არც მაშინ იმუშავა და არც ახლა მუშაობს. საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამების სკოლაში შეტანა, საზოგადოებრივი კომპანიების, სოციალური რეკლამების მომზადება და გაშვება. ამასთან, ჯარიმის რაოდენობაც საკამათო და გადასახედია. ჯარიმა საგრძნობი უნდა იყოს, თუმცა სოციალურ ფონს მორგებული. დღეს კი ჯარიმის ოდენობა, მიმაჩნია რომ ოდნავ მაღალია", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მან ისაუბრა სოფლებში არსებულ მავნე ტრადიციებზეც და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრ ადგილას ნაგავი ძირითადად მდინარეებში იყრება.
თუმცა მისი თქმით, ამ ტრადიციის მასშტაბურობის გამო, რომელიმე კონკრეტული სოფლის ან მდინარის გამოყოფა, სადაც განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა, შეუძლებელია."დანაგვიანების და ნარჩენების მხრივ, რომელიმე სოფლის ან მდინარის გამოყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან მთელი საქართველოს მდინარეები ნაგავსაყრელად არის გადაქცეული. თითქმის არ დარჩენილა ხევი და ხეობა, რომ ნარჩენებით არ იყოს დანაგვიანებული. სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგალითად რაჭაში. სახიფათო ნარჩენებში იგულისხმება სასუქები, მოძველებული პესტიციდები, რომელსაც მდინარე რეცხავს და ა.შ. დაბინძურებულია შავი ზღვის სანაპიროც, რაც თუნდაც მისი ტურისტული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასე არ უნდა იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა ნაგვის წვა, რაც გამოწვეულია როგორც მოქალაქეების მიერ ცეცხლის წაკიდებით, ასევე ნაგავსაყრელებზე აალებით. წვის დროს, უამრავი მავნე ნივთიერება გამოიყოფა, რაც კიბოს იწვევს. კიბოს და სიმსივნური დაავადების ასეთი კატასტროფული მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ნარჩენების პრობლემების მოუგვარებლობა და ნაგავსაყრელებია",- ამბობს ჩხარტიშვილი.
თაია არდოტელი
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"