„ერთადერთი შანსი თუ გინდა იარსებო არის თვითმმართველობის ფული, ოღონდ ამ ფულს აუცილებლად მოყვება დავალებები“ - ნათია კუპრაშვილი

„ერთ-ერთ პროექტში პირდაპირ კრძალავენ სოციალური რეკლამის გაყიდვას. არ არის საუბარი მხოლოდ უცხოურ აქტორებზე, საერთოდ სოციალურ რეკლამას ვეღარ გაყიდის მაუწყებელი,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა მედიის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„მედიის შესახებ“ კანონში დაინიცირებული ცვლილებები არ ეხება მხოლოდ დონორ ორგანიზაციებს. მაუწყებლობის შესახებ კანონი მომზადებული აქვთ ორ პროექტად. ერთ-ერთ პროექტში პირდაპირ კრძალავენ სოციალური რეკლამის გაყიდვას. არ არის საუბარი მხოლოდ უცხოურ აქტორებზე, საერთოდ სოციალურ რეკლამას ვეღარ გაყიდის მაუწყებელი. ადგნენ და ბიზნესს პირდაპირ უთხრეს, რომ ამ რეკლამას შენ ვეღარ გაყიდი, გინდა უცხოელი იყოს მყიდველი და გინდა შინაური.

რეგიონალური ტელევიზიების შემთხვევაში, წმინდა დონორული მხარდაჭერა იყო მხოლოდ 5%. როდესაც უცხოურ დაფინანსებაზე ვსაუბრობთ, ეს არ ეხება მხოლოდ მატერიალურ მხარეს. მაგალითად, დოკუმენტში წერია, არამხოლოდ ფინანსური ურთიერთობა, არამედ სხვა ტიპის ურთიერთობაც, მაგალითად ფროდაქშენი - როცა შენ სხვასთან ერთად რაიმე სახის პროდუქტს აწარმოებ {გვქონდა მსგავსი ტიპის კონტრაქტები, სადაც ერთად ვიღებდით ფილმს, ან კოოპერაციას ვაწარმოებდით ვინმესთან}. ყველაფერს კრძალავენ, მათ შორის, ეს ეხება ფიზიკურ პირებსაც. მაგალითად, ემიგრანტები, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა და არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათზეც მოქმედებს ეს კანონი, მათ აღარ შეუძლიათ მაუწყებლობებთან თანამშრომლობა.

2015 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნება“ ქმნიდა კანონებს, რომელიც რაღაცას უკრძალავდა მაუწყებლობებს. შეზღუდა სპონსორობა და ფროდაქთმეისმენთი, შემდეგ შეცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი, რაც იყო არასწორი. მასაც მისცა საშუალება, რომ რასაც გარანტირებული ფულით ქმნიდა, ის პროდუქტი სარეკლამო ბაზარზე გაეყიდა.

ჩემი კოლეგა სამოქალაქო სექტორი, თავის ანგარიშებში ხაზს უსვამდა, რომ რეგიონალური ტელევიზიები ძირითადად ადგილობრივ თვითმმართველობაზე იყვნენ დამოკიდებული. გამონაკლისი იყო მხოლოდ რამდენიმე ტელევიზია. ასეთ დაფინანსებას ჩვენთან პოლიტიკური მდგენელიც მოყვება, ამიტომ ძალიან ბევრი მედია ამბობდა უარს მსგავსი ტიპის დაფინანსებაზე. საბოლოო ჯამში გვეუბნებიან, რომ ერთადერთი შანსი თუ გინდა იარსებო არის თვითმმართველობის ფული, ოღონდ ამ თვითმმართველობის ფულს აუცილებლად მოყვება დავალებები,“ - განაცხადა კუპრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტების თანახმად, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ამასთან ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. ასევე, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

მაგდა შენგელია