„ახლა უნდათ ცენზურის გაძლიერება ისე, რომ არავის მოუნდეს მედიაში მუშაობა - არ ველოდები, რომ ამ კანონებს აღასრულებენ ნაციონალურ მაუწყებლებზე“ - ნათია კუპრაშვილი

„ქართული ოცნება“ ახალ კანონებს იღებს, იმისთვის რომ თვითონ დაიხურო, არ იყო საინტერესო და აღარ აკეთებდე მნიშვნელოვან შინაარს,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა მედიის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„ყველაფერი, რაც მედიას თვითრეგულირებაში გვქონდა, გადადის რეგულირებაში. ჯერ კიდევ წინა პარლამენტის დროს ისეთი ტიპის რეგულირებები აამოქმედეს, „ქართულ ოცნებას“ თუ პოლიტიკური ნება ექნებოდა, ახლაც შეუძლია ნებისმიერი ტიპის მაუწყებლის სანქცირება ან დახურვა. ახლა უნდათ ცენზურის გაძლიერება ისე, რომ არავის მოუნდეს მედიაში მუშაობა.

ისეთ კანონებს იღებენ, როცა არაფრის უფლება გაქვს, არც ჩაწერის, არც გადაღების. უნდათ ამ კუთხით პრობლემების შექმნა, თვითცენზურის გაძლიერება მედიაში, რომ ხვალ და ზეგ არავის არ მოუნდეს მუშაობა მედიაში. „ქართული ოცნება“ კანონებს იღებს, იმისთვის რომ თვითონ დაიხურო და განადგურდე, არ იყო საინტერესო და აღარ აკეთებდე მნიშვნელოვან შინაარსს.

რაც შეეხება სანქციებს, დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა წლიური შემოსავლის 0.5%-დან იწყება, მაგრამ თუ შემოსავლები არ გვექნება ამასაც ვერ გადაიხდი. რეალურად, შინაარსს ჩვენ ენთუზიაზმით ვაკეთებთ. მე რეგიონული ტელევიზიებისთვის წლებია უფასოდ ვმუშაობ, არ ვიღებ ხელფასს. საარსებო მინიმუმს მიღმა არის ის ანაზღაურება, რასაც ჩემი კოლეგები რეგიონულ მედიაში გამოიმუშავებენ. ამ კანონებით მედიას ეუბნებიან ფული არ გექნებათ და შინაარსსაც დაანებეთ თავიო.

მე არ ველოდები, რომ ამ კანონებს აღასრულებენ ნაციონალურ მაუწყებლებზე, ახლა ტრენდულია ამაზე ლაპარაკი, რომ ოპოზიციური არხები გაქრებიან, არ არის ეს კანონები შექმნილი ოპოზიციური მედიებისთვის. არ იქმნება ასეთი კანონები მედიებისთვის, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან. როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად „პალიტრანიუსმა“ რომ არ გადაიხადოს გადასახადები, რანაირად იფუნქციონირებს? მე მგონი „პალიტრას“ მენეჯერებმა არ იციან, როგორ დააგროვონ ვალი. აი, ოპოზიციური მედიის მენეჯერებმა კი იციან, ისევე, როგორც პროსამთავრობო მედიებმა. ეს პოლარიზაცია რომელსაც ისინი ქმნიან და აქვთ ვირტუალურად შექმნილი, საზოგადოებასა და ჭეშმარიტ მედიებში არც არსებობს. ამიტომ საზოგადოება და ჭეშმარიტი მედიები მათ აუცილებლად დაუბრუნებენ პასუხს,“ - განაცხადა კუპრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტების თანახმად, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ამასთან ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. ასევე, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

მაგდა შენგელია