რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის მიერ საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” გაყიდვიდან მიღებული 2.5 მლრდ გირვანქა სტერლინგი (3 მლრდ დოლარი) გაერთიანებული სამეფოს ანგარიშზე გაყინული რჩება.
ინფორმაციას The Athletic ავრცელებს.
ამასთან, მთავრობა პირობას დებს, რომ ეს თანხა უკრაინაში ომის მსხვერპლთ გადაეცემა.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აბრამოვიჩი აიძულა, ინგლისის პრემიერ-ლიგის კლუბი, “ჩელსი” გაეყიდა. იმავე წლის 2 მარტს მან გამოაქვეყნა განცხადება, რომ „გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი უკრაინის ომის ყველა მსხვერპლს გადაეცემოდა.“
ბრიტანეთის მთავრობამ, რომელსაც მაშინ ბორის ჯონსონი ხელმძღვანელობდა, აბრამოვიჩს “პროკრემლისტური ოლიგარქი” უწოდა და სანქციები დაუწესა. მთავრობა აცხადებდა, რომ “ჩელსი” მხოლოდ იმ პირობით გაიყიდებოდა, თუ აბრამოვიჩი გარიგებით პირადად არ ისარგებლებდა.
2022 წლის მაისში აბრამოვიჩმა “ჩელსი” 2.5 მლრდ გირვანქა სტერლინგად ამერიკულ კონსორციუმს მიჰყიდა, რომელსაც ტოდ ბოელი ხელმძღვანელობდა. თუმცა თანხა დღემდე გაყინული რჩება.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს განცხადებით, აბრამოვიჩის წარმომადგენლებთან ჯერ კიდევ მართავს მოლაპარაკებებს, რომ “კლუბის გაყიდვიდან შესული თანხა რაც შეიძლება, სწრაფად იყოს გამოყენებული უკრაინაში ჰუმანიტარული საჭიროებების დასახმარებლად.”
უწყების ცნობით, ამჟამად „თანხა გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშზე არის გაყინული, ვიდრე ფულის მართვისა და განაწილებისთვის ახალი დამოუკიდებელი ფონდი არ შეიქმნება.”
The Athletic ადრე წერდა, რომ შეფერხების მთავარი მიზეზი თანხების გადანაწილების შესახებ უთანხმოებაა. კერძოდ, აბრამოვიჩს სურს, შესული თანხა ომის ორივე მხარის მსხვერპლთ, მათ შორის, რუს ჯარისკაცებსა და უკრაინის გარეთ არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს მოხმარდეს.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის მთავრობას 2022 წლის შემდეგ პოზიცია არ შეუცვლია და ამტკიცებს, რომ 2.5 მლრდ გირვანქა სტერლინგი მხოლოდ უკრაინაში, ჰუმანიტარული მიზნებისთვის უნდა დაიხარჯოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ