ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ თანამგზავრი, Biomass წარადგინა, რომელიც მთელ დედამიწაზე ტყეებს შეისწავლის.
ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.
ცხრა თვეში მოწყობილობა დედამიწაზე ტყის მთელი ზედაპირის რუკას 200 კვადრატულ მეტრამდე სიზუსტით შექმნის.
თანამგზავრის მთავარი ამოცანა ტყეების მიერ ნახშირორჟანგის შთანთქმუნარიანობის გაზომვაა. მართალია, დღეისთვის ტყის ტიპისა და ფართობის გაზომვა სხვა თანამგზავრების გამოყენებითაც შესაძლებელია, მაგრამ Biomass სპეციალური რადარით აღჭურვილი პირველი სატელიტია, რომელსაც ტყის სიღრმისეული დათვალიერებით ტოტებისა და ღეროების გაზომვა შეუძლია, სადაც ხეები გაზების უმეტეს ნაწილს აგროვებენ.
ტყეების გარდა, Biomass უდაბნოებში წყლის რეზერვებს, მყინვარების დნობის დინამიკასა და სხვა გეოლოგიურ პროცესებს შეისწავლის. ყველა მონაცემი უფასოდ გამოქვეყნდება, რომ მთელ მსოფლიოში მეცნიერებმა გამოიყენონ.
თანამგზავრს აპრილში, საფრანგეთის გვიანაში მდებარე კოსმოდრომ კურუდან გაუშვებენ. მისია 5 წელი გაგრძელდება.
თანამგზავრის გაშვება 2021 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო.
ცნობისთვის: სტიქიური უბედურებების წინასწარ გამოსაცნობად წელს გერმანია ექვსი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, რომლებსაც ძაღლებზე, თხებზე, ფრინველებსა და მწერებზე დამაგრებული მინიატურული გადამცემებით დედამიწიდან მონაცემები გადაეგზავნება. კერძოდ, მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერები შინაური და გარეული ცხოველების კოსმოსიდან მონიტორინგს გეგმავენ. მათ მიაჩნიათ, რომ ცხოველთა ქცევის ცვლილებამ შესაძლოა, მიწისძვრებისა და ვულკანური ამოფრქვევის პროგნოზირებას ხელი შეუწყოს. სატელიტური კომუნიკაციის დახმარებით ცხოველების სიგნალები გზაზე არ დაიკარგება. სპეციალისტები თვლიან, რომ ცხოველებს ტექტონიკურ ფილებში ცვლილებების შეგრძნება შეუძლიათ, რაც მათ კატასტროფების წინასწარ განსაზღვრაში დაეხმარება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ