ბიუჯეტში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები 9.4%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში გადასახადებით მიღებულმა შემოსავლებმა 3.903 მლრდ ლარს გადააჭარბა, ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში ბიუჯეტში 3.566 მლრდ ლარი შევიდა.
ბიუჯეტის შემოსავლებში, წლიურად ყველაზე დიდ - 15%-იან ზრდას აჩვენებს საშემოსავლო გადასახადები. უფრო კონკრეტულად, წელს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადებით 1.374 მლრდ ლარზე მეტი შევიდა, გასული წლის იანვარ-თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 1.191 მლრდ ლარს აჭარბებდა.
საანგარიშო პერიოდში 5.4%-ით არის გაზრდილი დღგ-ს გადასახადი. 2025 წლის იანვარ-თებერვალში დღგ-დან ბიუჯეტში შესულმა თანხებმა 1.582 მლრდ ლარს გადააჭარბა. გასული წლის ორ თვეში კი ამ თანხის მოცულობა 1.5 მლრდ ლარს აჭარბებდა.
ამავე დროს, წელს იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით 397.5 მლნ ლარზე მეტი შევიდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი მაჩვენებელი 354.1 მლნ ლარს აღემატებოდა. მონაცემები აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში ზრდამ 12% შეადგინა.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 35%-ით არის შემცირებული ქონების გადასახადი. 2024 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში ქონების გადასახადებით 10.7 მლნ ლარზე მეტი შევიდა, 2025 წლის ამავე პერიოდში კი 6.958 მლნ ლარზე მეტი.
კლებას აჩვენებს აქციზის გადასახადიც. უფრო დეტალურად, 2025 წლის ორ თვეში აქციზიდან ბიუჯეტში 258 მლნ ლარზე მეტი შევიდა, ეს მაჩვენებელი 2024 წლის იმავე პერიოდში 333 მლნ ლარს აჭარბებდა. მონაცემები აჩვენებს, რომ შემცირება 22%-ს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში 7%-ით შემცირებულია იმპორტის გადასახადი, რომელიც გასულ წელს 21 მილიონ ლარს აჭარბებდა, წელს იანვარ-თებერვალში კი 19.52 მლნ ლარს აღემატება.
რაც შეეხება სხვა გადასახადებს, წელს იანვარ-თებერვალში 265.2 მლნ ლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როდესაც სხვა გადასახადების მოცულობა 2023 წელს 155.6 მლნ ლარს აღემატებოდა. მონაცემები აჩვენებს, რომ ზრდამ 70% შეადგინა.
შეგახსენებთ, 2025 წლის იანვარში დღგ-დან მიღებული სახელმწიფო შემოსავლები წლიურად 0.9%-ით შემცირდა. ამის საპასუხოდ ეკონომისტები აცხადებდნენ, რომ დღგ-ს შემცირება ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის პირველი ნიშანი იყო. მიუხედავად იანვრის კლების, თებერვალში დამატებული ღირებულების გადასახადი გაიზარდა. მაგალითად, თუ გასული წლის თებერვალში ამ თანხის მოცულობა 687 მლნ-ს აღემატებოდა, წელს იმავე პერიოდში 776 მლნ ლარს გადააჭარბა.