„ამჟამად ფასი 75-80 თეთრამდეა“ - შეამცირებს თუ არა ყაზახური ხორბლის სუბსიდირება ადგილობრივ ბაზარზე ფასებს

საჭიროა პროცესების კონტროლი, რათა გაზრდილი იმპორტის შემთხვევაში ადგილობრივი წარმოების ფასები არ დაეცეს - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „მარცვვეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე. ამით ფერმერი ქვეყანაში ყაზახური ხორბლის იმპორტის ზრდას ეხმაურება.

ცნობისათვის, ყაზახეთი საქართველოში ხორბლის საექსპორტო ხარჯის სუბსიდირებას იწყებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საექსპორტო მიმართულება ტონაზე 40 დოლარით დასუბსიდირდება. გარდა ამისა, საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტით შავი ზღვის პორტების მიმართულებით საექსპორტო ხარჯის სუბსიდია ტონაზე 60 დოლარი იქნება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საქართველოში ყაზახეთიდან შემოვიდა 2 590 ტონა ხორბალი, რომლის ჯამური ღირებულებაც 590 520 დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლებში ყაზახეთიდან მარცვლეულის იმპორტი მინიმალური იყო. თუ ავიღებთ გასულ წელს, იმპორტი მხოლოდ დეკემბერში განხორციელდა და 1 610 ტონა შეადგინა (ჯამში 367 080 დოლარის). ბოლო ხუთ წელში კი ყაზახური ხორბლის იმპორტი მაქსიმუმ 3700 ტონის ფარგლებში იყო.

ყაზახური მხარის მიერ მარცვლოვანი კულტურის სუბსიდირებამ საქართველოში შესაძლოა, იმპორტი გაზარდოს. როგორც ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, ეფექტი ფერმერებზე ჯერჯერობით არ ასახულა.

მისი თქმით, საჭიროა პროცესების კონტროლი, რათა გაზრდილი იმპორტის შემთხვევაში ფასები არ დაეცეს. აქვე აღსანიშნავია, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ხორბალზე დაბალი ფასების (კგ. 40 თეთრის ფარგლებში) გამო ფერმერები გამოწვევების წინაშე იდგენენ, მათი ნაწილი ვერ იხდიდა სესხებს, ნაწილმა კი დროებით უარი თქვა ხორბლის წარმოებაზე და სხვა კულტურის მოყვანას მიჰყო ხელი.

„ჯერჯერობით არ ასახულა უარყოფითად ფერმერების საქმიანობასა და მოსავლის ფასზე. ხორბლის ფასები წამოწეულია და ახლა უკვე რეალური ფასია, თუმცა, აღების პერიოდში ფერმერებმა იაფად გაყიდეს და ცოტა მარაგი აქვთ შემორჩენილი. თვალყურის მიდევნება სჭირდება ამას [ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტს], რომ არ გამოიწვიოს დიდი ზეგავლენა ადგილობრივ ბაზარზე. ახლა საშუალოდ 75-80 თეთრამდეა ხორბლის ღირებულება“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

მერი ტაბატაძე