შავ ზღვაში ჩაღვრილმა მაზუთმა უკვე 87 დელფინი და 4 ათასზე მეტი ფრინველი შეიწირა

ქერჩის სრუტეში ჩაძირული ორი ტანკერიდან დაღვრილი მაზუთის გამო კრასნოდარის მხარეში მარტის პირველ კვირას კიდევ 22 დელფინი დაიღუპა.

ინფორმაციას სამეცნიერო-გარემოსდაცვითი ცენტრი, „დელფა“ ავრცელებს.

ცენტრი განმარტავს, რომ ნაპირზე ვეშაპისებრთა გამორიყვა, როგორც წესი, მარტიდან ივნისამდე პერიოდისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა შავ ზღვაში დეკემბრის ეკოლოგიურმა კატასტროფამ მდგომარეობა გააუარესა. მაგალითად, თებერვალში 25, ხოლო ნავთობის დაღვრის დაწყებიდან 80-ზე მეტი მკვდარი დელფინი იქნა ნაპოვნი.

„დელფას“ განცხადებით, ვეშაპისებრ სხეულს ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება შეუძლია, რაც იმუნიტეტის მნიშვნელოვან დაქვეითებას და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ამ მიზეზით შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი სახეობა დაიღუპება.

ყუბანში მომუშავე მოხალისეებმა განაცხადეს, რომ კატასტროფის შემდეგ 87 დელფინი და 4,123 მკვდარი ფრინველი აღმოაჩინეს. კიდევ 7,815 ფრინველი ცოცხლად ვიტიაზევოს ცხოველთა გადარჩენის მთავარ ცენტრში გადაიყვანეს.

მანამდე ეკოლოგიისა და ზოოლოგიის დარგის რუსმა ექსპერტებმა გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელეს, რომ სიკვდილის ან მოწამვლის საფრთხის წინაშე შესაძლოა, 10 მილიონამდე ფრინველი, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი სახეობები აღმოჩნდეს. მარტში რეგიონში ბევრი ფრინველი ჩაფრინდება, ხოლო ზოგიერთი უკვე დაბრუნდა და თევზაობის დროს მაზუთის ლაქებში ეფლობა.

ამასთან, ნავთობპროდუქტების ემისიები არ ჩერდება. ახალ დაბინძურებას, ყუბანიდან ანექსირებულ ყირიმამდე, ყველგან პოულობენ. სითბოს გამო მაზუთი დნება, ქვიშაში უფრო ღრმად შეიწოვება და მისი ამოღება, თითქმის, შეუძლებელი ხდება.

ცნობისთვის: ტანკერები, Volgoneft-239 და Volgoneft-212, რომლებსაც 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ, ქერჩის სრუტეში, კავკაზის პორტის სიახლოვეს 15 დეკემბერს ჩაიძირა. შედეგად შავ ზღვაში 4 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა. დაბინძურება კრასნოდარის მხარიდან ყირიმამდე სწრაფად გავრცელდა. ანაპის სანაპირო გრუნტში ტოქსიკური ქიმიური ნაერთის, ბენზოპირენის საშიში კონცენტრაციები დაფიქსირდა. მაზუთმა, ასევე, ოდესამდე მიცურა და აზოვის ზღვაშიც შეაღწია.

ჩაძირული ტანკერებიდან ნავთობპროდუქტები თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჟონავდა და მისი ამოტუმბვის სამუშაოები მხოლოდ 19 იანვარს დაიწყო. კრასნოდარის მხარეში, ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში რეგიონული დონის საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. საგანგებო რეჟიმი ფედერალურ დონეზეც გამოცხადებულია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ