აშშ-ის ბირჟებზე აქციების ფასის ვარდნის გამო, შესაძლოა, საპენსიო ფონდმა 60-80 მილიონი ლარი დაკარგა - რომან გოცირიძე

„ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასის მნიშვნელოვანმა ვარდნამ საქართველოს საპენსიო ფონდზეც მოახდინა ზემოქმედება“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის მიერ სატარიფო ომის გამოცხადების შემდეგ ბირჟებზე აქციების ვარდნის პარალელურად შესაძლოა, საპენსიო ფონდმა 60-80 მილიონი ლარი დაკარგა.

„ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასის მნიშვნელოვანმა ვარდნამ, სამწუხაროდ, საქართველოს საპენსიო ფონდზეც მოახდინა ცუდი ზემოქმედება. მისი აქციების დაახლოებით 18 პროცენტი იმ უცხოური კომპანიების აქციებშია განთავსებული, რომელთა ღირებულება განსაკუთრებით შემცირდა. მათ შორის რეკორდსმენებია TESLA და NVIDIA. ამ უკანასკნელის აქციების ფასის კლება განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან მისი წილი უცხოურ განთავსებებში მეორეა სიდიდით (APPLY შემდეგ).

თუ რამდენი მილიონი ლარი დაკარგა საქართველოს საპენსიო ფონდმა ბოლო 3-4 თვეში, ტრამპის მიერ სატარიფო ომის გამოცხადებიდან, ამას საპენსიო სააგენტო გვეტყვის. ალბათ, მისი ოდენობა 60-80 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. დამამშვიდებელი ის შეიძლება იყოს, რომ წლიურ ჭრილში არ იქნება კლება, პირიქით, დღევანდელი მდგომარეობით მოხდება მისი მცირეოდენი ზრდა. მერე რა იქნება, არაა ადვილი ამის თქმა“, - წერს რომან გოცირიძე.

იხილეთ ასევე: ერთ დღეში Tesla-ს აქციების ფასი 15.4%-ით შემცირდა - როგორ შეიცვალა სხვა მსხვილი ამერიკული კომპანიების აქციების ღირებულება

მერი ტაბატაძე