„იაფი რძის ფხვნილი ხელს უშლის ნედლი რძის წარმოებას - შესაძლოა, დროებითი გადასახადები გახდეს საჭირო“

„რძის ფხვნილი შემოდის ქვეყანაში დაბალ ფასად და ხელს უშლის ნედლი რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას“, - ამის შესახებ „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ბაზარზე არსებული სიტუაციის დასარეგულირებლად რძის ფხვნილის იმპორტზე შესაძლოა, დროებითი საფასურის შემოღება გახდეს საჭირო.

„რძის ფხვნილი შემოდის ქვეყანაში დაბალ ფასად და ხელს უშლის ნედლი რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას. გარდა ამისა, ბაზარზე ადგილი აქვს ფალსიფიკაციას - ფხვნილით კეთდება ის პროდუქტები, რომელიც მხოლოდ ნედლი რძით უნდა იწარმოოს.

შეიძლება ფხვნილზეც გახდეს საჭირო დროებით საფასურის შემოღება, რომ კონკურენციაში შევიდეს ნედლ რძესთან და ფალსიფიკატორებს აღარ ჰქონდეს საშუალება, რომ მომხმარებლები შეიყვანონ სიცრუეში და არაჯანსაღი პროდუქტი მიაწოდონ მას, რადგან არაეტიკეტირებული პროდუქცია, იცით რომ საფრთხის შემცველია.

ცვლილება შედის ძალაში, 10 მილიონამდე იზრდება 7-წლიანი სესხები მერძევეობის მიმართულებით, რისი პროცენტის ნაწილსაც სახელმწიფო დააფინანსებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ნედლი რძის 70%-იანი დეფიციტია, მაინც იზრდება ინდუსტრია და საჭიროებს ჩარევას, რათა ფალსიფიკაცია დარეგულირდეს“, - აღნიშნავს ბენიაიძე.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, ბენიაიძე აღნიშნავს, რომ ახლა სეზონიდან გამომდინარე წარმოება შემცირებულია.

„ამ პერიოდში, სეზონურობიდან გამომდინარე, წარმოება მცირდება. იცით რომ, 400 ათასი ფურია ქვეყანაში, გაზაფხულზე იგებენ და მარტიდან თანდათან დაიწყება წველა. ამ პერიოდამდე რძე ყველაზე დეფიციტურია ადგილობრივ ბაზარზე. სეზონურობა მოქმედებს ქვეყანაზე, რადგან არ გვაქვს ორგანიზებული ფერმები, რომელიც წლიდან წლამდე უზრუნველყოფს ერთი და იმავე რაოდენობის რძის ნაწარმის წარმოებას“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში რძის წარმოება შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს ქვეყანაში 584.3 მლნ ლიტრი რძე იწარმოა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 570.7 მლნ ლიტრამდეა შემცირებული.

ამ ყველაფრის ფონზე კი იზრდება იმპორტი. კერძოდ, საქართველოში 2025 წლის იანვარში წლიურად რძისა და ნაღების იმპორტი გაორმაგდა. ასე მაგალითად თუ 2024 წლის იანვარში 913 ტონის (1.14 მილიონი დოლარის ღირებულების) იმპორტი განხორციელდა, წელს იმავე პერიოდში 1 835 ტონა (1.85 მილიონი დოლარის) რძე და ნაღები შემოვიდა ქვეყანაში.

რაც შეეხება რძის ფხვნილის იმპორტს, ამავე პერიოდში 75%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2025 წლის იანვარში იმპორტირებულია 3.21 მილიონი დოლარის 1 367 ტონა რძის ფხვნილი, გასული წლის იმავე პერიოდში კი 1.82 მილიონი დოლარის 782 ტონა.

მერი ტაბატაძე