აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის საკუთრებაში არსებულ ყულევის ტერმინალში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახად ოთხი ახალი რეზერვუარის აშენება იგეგმება. ამის შესახებ კომპანიაში სააგენტო Trend-ს განუცხადეს.
რეზერვუარები 20 000 კუბური მეტრი სიმძლავრის იქნება. ამჟამად, მათი ტექნიკური შეფასება მიმდინარეობს.
2024 წელს SOCAR-მა ყულევის ნავთობტერმინალიდან მთლიანობაში 2.5 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა. ამ მოცულობიდან 0.95 მლნ ტონა აზერბაიჯანული წარმოშობის, ხოლო 1.55 მლნ ტონა ტრანზიტული ტვირთი იყო.
შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ყულევის ტერმინალით 2.16 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა. ამდენად, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, გადაზიდვის მოცულობა 349 000 ტონით გაიზარდა.
ცნობისთვის, ყულევის ტერმინალმა და საზღვაო პორტმა, რომლის ოპერატორი კომპანიაც SOCAR-ია, ფუნქციონირება 2008 წლის 16 მაისს დაიწყო. ტერმინალი ნახშირწყალბადებისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი. მისი მომსახურება ამ პროდუქტების რკინიგზით მიღებას, რეზერვუარებში ტრანსპორტირებას, შენახვას, გემებზე გადატვირთვასა და საპორტო ნაგებობების ექსპლუატაციას მოიცავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ