ავსტრიამ თავშესაფრის მაძიებელთა ოჯახების გაერთიანება გაყინა

ავსტრიის ახალმა მთავრობამ კანცლერ კრისტიან შტოკერის ხელმძღვანელობით, თავშესაფრის მაძიებელთა ოჯახების გაერთიანება დაუყოვნებლივ შეწყვიტა. შესაბამისი ბრძანება 12 მარტს გამოიცა. ამის შესახებ ავსტრიის მთავრობის განცხადებაში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.

ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის საგანგებო დებულებების ფარგლებში, სამპარტიულმა კოალიციამ ავსტრიაში თავშესაფარმინიჭებულ პირთა ოჯახის წევრებისთვის ყველა შემდგომი უფლება დროებით გაყინა.

„ავსტრიის შესაძლებლობებსა და თავშესაფრის მაძიებლების მიღების სისტემას თავისი ლიმიტი აქვს. ხალხის უზარმაზარი ნაკადის გამო ეს სისტემა ან სრული დატვირთვით მუშაობს, ან თავის ლიმიტს უკვე გადააჭარბა,” - წერია განცხადებაში.

მთავრობის ცნობით, 2023 და 2024 წლებში ავსტრიაში ოჯახის გაერთიანების ფარგლებში 18 000 ადამიანი, მათ შორის, 13 000 სკოლის ასაკის ბავშვი ან არასრულწლოვანი ჩავიდა.

„ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით ცხადია, პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ და დროებით დავაჭიროთ ხელი STOP-ღილაკს,“ - აცხადებს კრისტიან შტოკერი.

ცნობისთვის, 3 მარტს, ხუთთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, ავსტრიის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ