„რუსებს, უკრაინელებს, ინდოელებს აქვთ საკუთარი უძრავი ქონების კომპანიები გახსნილი, რაც დიდ პრობლემას ქმნის სექტორში“

„საქართველოში რუსებს, უკრაინელებს,ინდოელებს აქვთ საკუთარი უძრავი ქონების კომპანიები გახსნილი,“ - ამის შესახებ უძრავი ქონების დარგის სპეციალისტმა ნელიკო გოგუაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია, როგორც გაყიდვების, ისე გაქირავების მიმართულებაზე, რაც სექტორში არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.

„უცხოელები საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნიან ჩვენს სექტორში. მათ აქვთ საკუთარი სააგენტოები გახსნილი და რა თქმა უნდა, თუ უცხოეთიდან შემოდის კლიენტი, ის მიდის თავისი ქვეყნის წარმომადგენელთან. ეს არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის.

აღნიშნული პროცესი დიდი ხანია დაიწყო. ძირითადად არიან რუსები, უკრაინელები, ინდოელები, რომლებსაც აქვთ საკუთარი უძრავი ქონების კომპანიები,“ - აღნიშნავს ნელიკო გოგუაძე.

კითხვაზე რაში ხედავს ის გამოსავალს, უძრავი ქონების აგენტი ამბობს, პრობლემა შესაძლოა, მოგვარდეს თუ აღნიშნულ დარგში სახელმწიფო ლიცენზირების ვალდებულებას გააჩენს.

„ცხადია, ვერავის აუკრძალავ საქმიანობას და ვერც მიუთითებ ვისი ბრენდის ქვეშ იოპერიროს, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ სახელმწიფო დონეზე შეიძლება არსებობდეს. ჩვენთანაც ისე უნდა იყოს, როგორც საზღვარგარეთ, ეს არის ლიცენზირება! თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, ეს უნდა იყოს უმაღლეს დონეზე გადაწყვეტილი ამბავი, შენ უნდა გქონდეს სახელმწიფო დონეზე მიღებული ლიცენზია და გაწერილი პირობები. თუ, მე ამ პირობებს დავარღვევ, უნდა შემიჩერონ მისი მოქმედება. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ“,- განაცხადა ნელიკო გოგუაძემ.

ნინი ქეთელაური