ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Gucci-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინსტაგრამზე" დიზაინერის ოფიციალური გვერდი "demnagram"-ი ავრცელებს.
„ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“, - ნათქვამია დემნა გვასალიას განცხადებაში.
დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი 2015 წლიდან არის. გავრცელებული ინფორმაციით, ის მეთვალყურეობას გაუწევს მის ბოლო შოუს, რომელიც 6 ივლისს გაიმართება, ვიდრე იტალიურ მოდის სახლში გადავა.
დემნა გვასალია 1981 წლის 25 მარტს, სოხუმში დაიბადა, რომელიც მოგვიანებით საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა და კიდევ უფრო ბევრი წლის შემდეგ, საქართველოდან წავიდა, მსოფლიოსთვის ცნობილი დაახლოებით 17 წლის წინ გახდა.
დემნა გვასალია ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიატი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაებარებინა.
ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე ჩასარიცხი 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომელმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყო. პირველი კურსის ბოლოს ის 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. დემნა იქ წელიწადნახევარი მუშაობდა, რის შემდეგაც საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა.
ახალგაზრდა ტალანტი „Maison Margiela“-ში მიიწვიეს. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში სწორედ Margiela -ში დაიწყო.
დემნა დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. მანამდე ის „Maison Martin Margiela“-სა და „Louis Vuitton“-ის გუნდებში მუშაობდა.
ხვადასხვა მონაცემებით, ქართველი დიზაინერის 50 მლნ დოლარის ქონებას ფლობს.
იხილეთ ასევე: როგორია Balenciaga-ს წარმატების ისტორია დაფუძნებიდან დღემდე