რუსეთში ღვინის ექსპორტში აფხაზეთი ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა, თუმცა წამყვან ხუთეულშია

აფხაზეთი რუსული ღვინის საექსპორტო მიმართულებების ტოპ 5-ეულში მესამე ადგილზეა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის შემოსავლებისა და სატარიფო რეგულირების მთავარი სამმართველოს მონაცემებში წერია, რასაც RBC ავრცელებს.

კერძოდ, 2024 წლის პირველ 10 თვეში რუსული ღვინის ექსპორტში აფხაზეთის წილმა 13% შეადგინა, მაშინ, როცა 2023 წელს 40%-იანი წილით წამყვან ხუთეულში მეორე ადგილი ეკავა.

პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც რუსული ღვინის ექსპორტმა 48% შეადგინა.

ტოპ 5-ეული ასე გამოიყურება:

  • ჩინეთი - 40%
  • თურქეთი - 14%
  • აფხაზეთი (საქართველო) - 13%
  • ლატვია - 11%
  • ისრაელი - 3%

მთლიანობაში, რუსული ღვინის ექსპორტი 2024 წლის პირველ 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება აფხაზეთიდან იმპორტს, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეროვნული კავშირისა და ალკოჰოლური პოლიტიკის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, რუსეთში იმპორტირებული ღვინის 6% აფხაზეთის წილია, ხოლო 2023 წელს აფხაზეთმა რუსეთში 19 მლნ ლიტრი ღვინო შეიტანა. ამჟამად აფხაზური ღვინო ექსპორტზე მხოლოდ რუსეთში გადის და ადგილობრივი მეღვინეები იმედოვნებენ, რომ ის ბელარუსის ბაზარზეც გამოჩნდება.

ამასთან, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ლაბრაში რუსულ-აფხაზური შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამით ღვინის ქარხანა აშენდა. “სპუტნიკ-აფხაზეთის” ცნობით, ქარნის მშენებლობაზე 680 მლნ რუბლზე (7,9 მლნ დოლარზე) მეტი გამოიყო.

პირველი ღვინოები ჩამოსასხმელად მიმდინარე წლის გაზაფხულის შუა რიცხვებში იქნება მზად. იგეგმება, რომ ქარხანამ წელიწადში 800 ათასამდე ბოთლი გამოუშვას. ღვინო ადგილობრივი ყურძნისაგან დამზადდება.

პროექტის მენეჯერ ნიკოლაი აჩბას ცნობით, სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ქარხანაში 100-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები დასაქმდებიან.

ამჟამად აფხაზეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორი სოხუმის ღვინის ქარხანაა. კერძოდ, „აფხაზეთის ღვინისა და წყლების“ სოხუმის მეღვინეობაში 100-მდე ადამიანი არის დასაქმებული. ქარხანა, რომელიც 1930 წელს დაარსდა, ბიუჯეტის შემქმნელი საწარმოების სიაში შედის. ის აწარმოებს ბოთლის ღვინოებს ბრენდებით, „ფსოუ,“ „აფხაზეთის ბუკეტი,“ „ლიხნი“ და „აფსნი.“ ქარხანა, ასევე, კონიაკებს, ცქრიალა ღვინოებსა და ღვინის სასმელებს ასხამს. რუსეთში კომპანია „აფხაზეთის ღვინისა და წყლების“ ასორტიმენტი მთლიანობაში 17 პროდუქტისგან შედგება. აქედან 9 სუფრის ღვინოა, 2 ღვინის სასმელი, 2 დაძველებული ღვინო, ხოლო 3 ცქრიალა ღვინო და კონიაკია. საწარმოს საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 20 მლნ ბოთლს შეადგენს. ქარხანა თავის პროდუქციას იმპორტირებული ღვინის მასალისა და ადგილობრივი ყურძნისგან აწარმოებს. საწარმოს ყურძნის ვენახების ფართობი ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში 300-მდე ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა.

აღსანიშნავია, რომ ქარხანა რუსული კი არა, იტალიური და ფრანგული უახლესი ტექნოლოგიით მუშაობს.

ცნობისთვის: 2024 წლის იანვრიდან სოხუმის მარანმა მუშაობა შეაჩერა, რადგან წარმოების ხარჯი 30%-ით გაეზარდა. კერძოდ, 2023 წლის ზაფხულში დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 1-ლი მაისიდან აფხაზეთში ღვინის მასალაზე აქციზის განაკვეთი უნდა გასამმაგებულიყო, რაც ქარხნის ისედაც გაზრდილ ხარჯს დააწვებოდა. მაგალითად, ბოთლებსა და საცობებზე, რომელთაგან ქარხანა საცობებს პორტუგალიაში, ბოთლებს კი რუსეთში ყიდულობს, ფასები მუდმივად იზრდება. შესაბამისად, საბოლოო პროდუქტიც ძვირდება. ამასთან, ქარხანამ მუშაობა რუსი დისტრიბუტორების გაფრთხილების გამო შეაჩერა, რომ ფასის გაზრდის გამო საქონლის გაყიდვას ვერ შეძლებდნენ. მოსკოვში ქარხნის სავაჭრო წარმომადგენელი შპს Mistral Alko-ა. საბოლოოდ, აფხაზებმა თავიანთი “ბიუჯეტი” მოსკოვის სასარგებლოდ აზარალეს და გასული წლის აპრილში დე ფაქტო პარლამენტმა აფხაზეთში იმპორტირებული ღვინის მასალის აქციზით დაბეგვრა გააუქმა, რის შემდეგაც სოხუმის ქარხანამ მუშაობა განაახლა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ