ჩინეთიდან გამოწერების ზრდამ 200%-ს გადააჭარბა - „ქართველი მომხმარებლების 70% Taobao-ზე შოპინგობს“

„2024 წელს, 2023 წელთან შედარებით საქართველოში ჩინეთიდან გამოწერილი ამანათების რაოდენობა 204%-ით არის გაზრდილი“,- ამის შესახებ INEX Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს ჩინეთიდან ამანათების რაოდენობა მუდმივად მზარდი იყო და ამ ეტაპზე, საერთო გამოწერებში ქვეყანას უკვე 35% უკავია.

ამასთან, გიორგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ქართველი მომხმარებლების 70% უკვე Taobao-ზე შოპინგობს.

„2024 წლის განმავლობაში გზავნილები მუდმივად მზარდი იყო. ამის ძირითადი მიზეზი ახალი პლატფორმების შემოსვლაა, მითუმეტეს, რომ ზოგადად, ყოველწლიურად მზარდია ონლაინ გამოწერები. თავიდან იყო Temu, რამაც დიდი ბიძგი მისცა ონლაინ გამოწერების ახალ მიმართულებას და პერსპექტიული ძალიან აღმოჩნდა. ამას მოჰყვა მეორე დიდი პლატფორმის შემოსვლა საქართველოში, ეს არის Pinduoduo, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი ჩვენ ვართ. შესაბამისად, მანაც შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ მისამართზე გამოწერის სერვისი. შემდეგ იყო უკვე Taobao და ქართველი მომხმარებლების 70% სწორედ აქ შოპინგობს.

იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 3 პლატფორმაა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს პირდაპირ ტრანსპორტირებას სთავაზობს, მათ გაუადვილდათ შოპინგის პროცესი. ამას დაემატა ისიც, რომ თუ ადრე მხოლოდ ჩინურად იყო ეს პლატფორმები, დაემატა ინგლისურიც და ენის ბარიერი შედარებით მოხსნილია. ამასთან, ახლა უკვე Taobao-ს და Pinduoduo-ს წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ მალე ქართული ვერსიებიც დაემატება.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით საქართველოში ჩინეთიდან გამოწერილი ამანათების რაოდენობა 204%-ით არის გაზრდილი. საერთო ჯამში, ამანათების მატება შეადგენს 51%-ს. გარდა ამისა, სტაბილური მატება გვაქვს საბერძნეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ამერიკიდან.

მთლიან გზავნილებში ჩინეთზე მოდის დაახლოებით, 35%. თუმცა აქ რაოდენობაზეა საუბარი, რომელიც მომხმარებლის აქტიურობაზე მიუთითებს, თორემ ჩინეთიდან გაცილებით ნაკლები წონის ამანათები მოდის, ვიდრე ევროპიდან ან ამერიკიდან“,- ამბობს გიორგი კაპანაძე.

მისი თქმით, ახლა უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ტრანსპორტირების ტარიფების კლებაზე, ისე ახალი პლატფორმების საქართველოში შემოსვლაზე.

„ტრანსპორტირების ტარიფი ჩვენთან ძალიან სტაბილურია, როგორც ვიცი, რამდენიმე კომპანიამ გააძვირა, მაგრამ ჩვენთან დიდი ხანია ცვლილება არ მომხდარა. პირიქით, როდესაც ვსაუბრობთ Taobao-ს და Pinduoduo-ზე, ჩვენ ყველაზე ნაკლები ფასი შევთავაზეთ საქართველოში ამ პლატფორმის მომხმარებლებს, 10.5 დოლარია კილოგრამზე. ახლა ველოდებით, რომ კიდევ უფრო გაიაფდეს. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა ავიაკომპანიასთან.

რაც შეეხება ახალი მიმართულებების დამატებას, უკვე დავიწყეთ ესპანეთიდან და ძალიან დიდი დაინტერესებაა მომხმარებლებში, ასევე ბევრ ახალ პლატფორმასთან ვთანამშრომლობთ აქტიურად, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, მოხერხებული და უფრო იაფი გახდეს. საუბარია, ახალ ევროპულ და ჩინურ პლატფორმებზე. აქტიურად ვმუშაობთ, რომ ყველა ნომერი პირველი პლატფორმიდან საქართველოში გამოწერა გამარტივებული და იაფი იყოს“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ნინი ქეთელაური