„დახარჯულია 100 000 ლარი“ - რამდენჯერ დაზიანდა არაგვის ხიდი

„არაგვის ხიდის სრული რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებულა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ხიდზე პირველად დაზიანება 2023 წელს გამოიკვეთა და მას შემდეგ 4-ჯერ შეკეთდა. აღნიშნულზე კი ჯამში 100 000 ლარია დახარჯული.

„არაგვის ხიდის სრული რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებულა. ხიდს უტარდება მუდმივი მონიტორინგი და გამოვლენილი დაზიანებების შეკეთება ტარდება პერიოდული მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში.

არაგვის ხიდის ფილა პირველად დაზიანდა 2023 წლის დეკემბერში და მსგავსი დაზიანებები 4-ჯერ გამოვლინდა 2024 წელს. დაზიანებული ადგილების შეკეთებას სულ, მოხმარდა 100 ათასი ლარი.

გამომდინარე იქიდან, რომ არაგვის ხიდი აშენებულია 70-იან წლებში, სრული რეაბილიტაცია ითხოვს მასზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სრულ ან/და ნაწილობრივ აკრძალვას და ბოლო პერიოდში გახშირდა ხიდის ფილის დაზიანების შემთხვევები, 2024 წელს მომზადდა ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი.

ახალი ხიდი აშენდება არსებული ხიდის პარალელურად და მისი ღირებულება დაზუსტდება საბოლოო დოკუმენტაციის შესაბამისად“,- განუცხადეს bpn.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ხიდის შეკეთებამ საცობების კუთხით პრობლემები წელსაც შექმნა. აღნიშნულის გამო დასავლეთიდან მომავალ ავტომობილებს რამდენიმე საათიან საცობში უწევთ დგომა.

ნინი ქეთელაური