„სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს სოფლის მეურნეობას ბუნებამ - ხე-ხილის მდგომარეობა შეიძლება იყოს პრობლემური“

„ბუნებამ სოფლის მეურნეობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს“, - ამის შესახებ "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში ნავარაუდევია ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის, განსაკუთრებით კი ხილისთვის შესაძლოა, პრობლემური აღმოჩნდეს.

„ჩვენდა სამწუხაროდ, გრძელვადიან პროგნოზებში, კატასტროფები ალბათ, გარდაუვალი იქნება დედამიწაზე და დამახასიათებელი იქნება თავისი სიხშირით. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ ტალღობრივად მიწისძვრების ციკლი იწყება, მერე ღვარცოფების, წყალდიდობების და ა.შ. ჩვენ აღარ გვაქვს სეზონური წყალდიდობები, ისე მკაფიოდ აღარ ჩანს სეზონების განსხვავება ერთმანეთისგან, უცებ ვარდება ტემპერატურა, რაც პრობლემურია განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისთვის. უბრალოდ, კარგი ის არის, რომ თოვლი კიდევ შენარჩუნებულია სადღაც ნარჩენებად დასავლეთ საქართველოში და ბოლომდე კვირტები გამოსული არ არის. თუმცა, 2 დღის განმავლობაში უცებ გამოყარა ახალი ყვავილები თითქმის ყველა ხემ და რეალურად, უცებ ტემპერატურის უცებ დაცემამ შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს სოფლის მეურნეობას. ეს ვიცით და წინასწარ უკვე ვპროგნოზირებთ ამას, რომ რაღაც პრობლემები შეიქმნება.

ხვალ, ზეგ უკვე გვაფრთხილებენ მეტეოროლოგები, რომ ტემპერატურა დაეცემა. თოვლი არის ნაპროგნოზები, რაც უკვე პრობლემური თემაა, რადგან ყვავილს და თოვლს ერთად ვნახავთ.

რეალურად კი პროდუქტების, ხე-ხილის მდგომარეობა შეიძლება იყოს პრობლემური, თუ ვერ მოასწრო ყვავილმა გამოსვლა და პროდუქტად ჩამოყალიბება. სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს სოფლის მეურნეობას ბუნებამ“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ნინი ქეთელაური