ვეტერანი სპორტსმენები მიღწეული შედეგებისთვის ფულად პრიზებს მიიღებენ - როგორია პირობები

„საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, დადგენილება განსაზღვრავს ოლიმპიური თამაშებისა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში საქართველოს სპორტსმენთა მაღალ დონეზე მომზადებისთვის საჭირო ღონისძიებებს. ახალი რედაქციის, ამ ღონისძიებების ფარგლებში მოექცევიან ვეტერანი სპორტსმენებიც.

დადგენილებას დაემატა მუხლი, რომლის მიხედვითაც ვეტერან სპორტსმენთათვის შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგებისთვის, ფულადი პრიზის მოცულობა განისაზღვრა, უფრო კონკრეტულად:

1. ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებსა და ჭადრაკში

ა) მსოფლიო ჩემპიონატებზე:

  • I ადგილი (პირადი) – 15 000;
  • II ადგილი (პირადი) – 10 000;
  • III ადგილი (პირადი) – 5 000.

ბ) ევროპის ჩემპიონატებზე:

  • I ადგილი (პირადი) – 10 000;
  • II ადგილი (პირადი) – 7 000;
  • III ადგილი (პირადი) – 3 000.

2. სპორტის ოლიმპიურ სათამაშო სახეობებში:

ა) მსოფლიო ჩემპიონატებზე:

  • I ადგილი − 30 000;
  • II ადგილი − 20 000;
  • III ადგილი − 10 000;

ბ) ევროპის ჩემპიონატებზე:

  • I ადგილი − 20 000;
  • II ადგილი − 10 000;
  • III ადგილი − 5 000.

„სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებსა და ჭადრაკთან მიმართებით, ფულადი პრიზები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ შეჯიბრებაში მონაწილეობს არანაკლებ 20 ქვეყნის წარმომადგენელი და ამ შეჯიბრების ფარგლებში შესაბამის სახეობაში /დისციპლინაში/წონით კატეგორიაში/კონკრეტულ ასპარეზობაში (რომელშიც თამაშდება მედლების ერთი კომპლექტი) მონაწილეობს არანაკლებ 10 ვეტერანი სპორტსმენი (მათ შორის, საქართველოდან არაუმეტეს 3 ვეტერანი სპორტსმენი), ხოლო სპორტის შესაბამისი სახეობის ყველაზე მძიმე წონით კატეგორიაში შეიძლება მონაწილეობდეს არანაკლებ 6 სპორტსმენი და ამ შემთხვევაში, თუკი მონაწილეთა საერთო რაოდენობა არ აღემატება 9 ვეტერან სპორტსმენს, საქართველოდან მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 ვეტერან სპორტსმენს (თუ მონაწილეთა საერთო რაოდენობა 9 ვეტერან სპორტსმენს აღემატება, საქართველოდან მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 ვეტერან სპორტსმენს). გარდა ამისა, სპორტის ოლიმპიური სათამაშო სახეობების შეჯიბრებებთან მიმართებით, დადგენილი ფულადი პრიზები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ შეჯიბრებაში მონაწილეობს არანაკლებ 12 ნაკრები გუნდი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, ვეტერანთა ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს შესაბამისი შედეგისთვის დაწესებული პრიზის 20%-ის ოდენობით თანხა გადაეცემა.

ამასთანავე, სპორტის ინდივიდუალური ოლიმპიური სახეობებისთვის დაწესებული ფულადი პრიზები გავრცელდება ვეტერან სპორტსმენთა შორის ძიუდოში 2024 წლის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებსა და ჭიდაობაში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ შედეგებისთვის.

მერი ტაბატაძე