ავტომობილების მსოფლიო წარმოებამ 2024 წელს 92.5 მლნ ერთეული შეადგინა, რაც, 2023 წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ავტომწარმოებელთა მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებში წერია.
ამ რაოდენობაში ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს უკავია, რომლის წარმოებამაც 67.7 მლნ ერთეული შეადგინა. ეს, 2023 წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია.
ასევე, 2024 წელს მსუბუქი კომერციული ავტომობილების 20.9 მლნ ერთეული (-3%), დიდი სატვირთო მანქანების 3.6 მლნ ერთეული (-2%) და 291 ათასი ერთეული ავტობუსი (+17%) აწარმოვეს.
ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილეს ავტომწარმოებლად რჩება, სადაც წელიწადში, დაახლოებით, 31.3 მლნ ერთეულის ავტოტრანსპორტი დამზადდა, რაც 2023 წელთან შედარებით 4%-ით მეტია.
მეორე ადგილზე 10.5 მლნ ერთეულით აშშ-ია, სადაც 2023 წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლები ავტომობილი გამოუშვეს.
მესამეზე 8.2 მლნ ერთეულით იაპონიაა, რაც 2023 წელზე 9%-ით ნაკლებია.
ხუთეულში, ასევე, 6 მლნ ერთეულით (+3%) ინდოეთი და 4.2 მლნ ერთეულით (+5%) მექსიკა მოხვდნენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ