„არ გამოიყენოთ საკვებად, გაანადგურეთ“ - სეს-ის გაფრთხილება  „ორგანიკას” მიერ იმპორტირებულ ნუშის კარაქთან დაკავშირებით

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას შპს „ორგანიკას” მიერ იმპორტირებულ ნუშის კარაქთან დაკავშირებით აფრთხილებს, რომ კონკრეტული პროდუქტი არ გამოიყენონ საკვებად.

კერძოდ, სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 14 მარტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით შევიდა „საგანგაშო შეტყობინება“, რომელიც შეეხებოდა ბულგარეთში წარმოებულ ორგანულ ნუშის კარაქს.

„შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ნუშის კარაქი (ბრენდი: Bett'r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე) დაბინძურებულია პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმით (Bacillus cereus). ეს მიკროორგანიზმი შესაბამის პირობებში მოხვედრისას გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორი ტიპის სინდრომს - ღებინებასა და დიარეას.

სურსათის აღნიშნული პარტიის იმპორტი, საქართველოს გარდა, განხორციელდა ევროკავშირის 20-მდე ქვეყანაში. საქართველოში შემოტანილია 2024 წლის 18 ივნისს, შპს „ორგანიკას“ მიერ (სულ 40 ქილა).

ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა იმპორტიორ კომპანიაში, სადაც დადგინდა, რომ ბულგარეთში წარმოებული ორგანული ნუშის კარაქი (ბრენდი: Bett'r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე) სრულად არის რეალიზებული.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომლებსაც 2024 წლის 18 ივნისის შემდეგ შეძენილი აქვთ აღნიშნული ნუშის კარაქი შპს „ორგანიკას“ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 51 და აბაშიძის 61, არ გამოიყენონ საკვებად და გაანადგურონ ან დააბრუნონ შესყიდვის ადგილზე,“ - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.