დღეს ინდოეთი მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც 50 წლის განმავლობაში შესაძლოა, სიდიდით მეორე გახდეს და აშშ-ს გაუსწროს.
ამის შესახებ RBC-ის მიმოხილვაში წერია.
ამასთან, ქვეყნის სწრაფად მზარდი საშუალო კლასი საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს.
ეს სიტყვები ინდოელ მილიარდერ გაუტამ ადანის ეკუთვნის. ის პროგნოზირებს, რომ 2050 წლისთვის ინდოეთი 100%-იანი წიგნიერების დონითა და მსოფლიოში ყველაზე დიდი საშუალო ფენით სიღარიბისგან თავისუფალი ქვეყანა იქნება.
ჯერჯერობით ინდოეთი კონტრასტების ქვეყნად რჩება. ერთის მხრივ, ქვეყნის რვა მოქალაქე 2024 წელს Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მოხვდა, მეორეს მხრივ კი მსოფლიოს უდიდეს მონაცემთა ბაზის Numbeo-ს ცხოვრების ხარისხის წლევანდელ ინდექსში ქვეყანა მხოლოდ მე-60-ე ადგილს იკავებს. 1.4 მლრდ მოსახლეობიდან 150 მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
თუმცა ინდოეთის ტრანსფორმაციის ეროვნული ინსტიტუტის მიერ 2024 წლის დასაწყისში გამოქვეყებული მონაცემებით, ქვეყანამ სიღარიბის მნიშვნელოვანი ვარდნა აჩვენა. კერძოდ, 2013-14 წლებში დაფიქსირებული 29.17%-იანი მაჩვენებლიდან 2022-23 წლებში სიღარიბის დონე 11.28%-მდე შემცირდა, ანუ, ანალიტიკოსების გაანგარიშებით, ათ წელიწადში სიღარიბე, დაახლოებით, 250 მლნ ადამიანმა დაძლია.
დღეს ინდოეთში საშუალო კლასის წარმომადგენელთა რაოდენობა 430 მლნ ადამიანს აჭარბებს, რაც მოსახლეობის 30%-ზე მეტია. 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 715 მილიონამდე, ანუ მოსახლეობის 47%-მდე გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომსახურების პოტენციური კლიენტების რაოდენობა, რომელიც მიმართულია შესაბამის სამომხმარებლო აუდიტორიაზე, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ერთნახევარჯერ გაიზრდება. ამით როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ასევე, საცალო პროდუქტებისა და სერვისების უცხოელი მომწოდებლების ზრდისთვის კარგი პერსპექტივა გაჩნდება.
ინდოეთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა G20-ის ქვეყნებს შორის. ქვეყნის მშპ დღეს, დაახლოებით, 3.7 ტრლნ დოლარია, რაც მსოფლიოში ნომინალური მშპ-ით მეხუთე, ხოლო მსყიდველუნარიანობის პარიტეტიით მესამე ადგილია. ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2023/24 ფინანსურ წელს მშპ-ის ზრდამ 7,6% შეადგინა. მიმდინარე 2024/25 ფინანსურ წელს ინდოეთის სარეზერვო ბანკი (RBI) მშპ-ის 7%-იან, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 6,8%-იან ზრდას პროგნოზირებს. IMF 2023/2024 ფინანსურ წელს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში ინდოეთის წვლილს 16%-ად აფასებს და მოელის, რომ ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის 18%-მდე გაიზრდება. ამით ქვეყანა გლობალურ ეკონომიკაში მთავარ მოთამაშედ გადაიქცევა.
ამასთან, ინდოეთი აქტიურად ზრდის ოქროს მარაგს. მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council-WGC) 2024 წლის მონაცემებით, გლობალურ ცენტრალურ ბანკებს შორის RBI ოქროს ყველაზე აქტიური მყიდველი გახდა. კერძოდ, 2024 წლის პირველ ნახევარში RBI-მ 37.1 ტონა ოქრო შეისყიდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამჟამად RBI-ის ოქროს მარაგი რეკორდულ 840.7 ტონას შეადგენს, რაც მთლიანი უცხოური რეზერვების 8.7%-ია. ერთი წლით ადრე ამ რეზერვებში ინდოეთის წილი 7.4%-ს შეადგენდა.
მომდევნო ათწლეულში ინდოეთის მშპ-ის სამჯერ გაზრდას მოელიან, რითაც 2030 წლისთვის ქვეყანა მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკა გახდება. საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის პროგნოზით, 2075 წლისთვის ინდოეთი 52.5 ტრლნ დოლარის მშპ-ით მეორე ადგილს დაიკავებს, რადგან ჩინეთის მშპ მაშინ 57 ტრლნ დოლარი, აშშ-ის მშპ კი 51.5 ტრლნ დოლარი იქნება. ასევე, ევროზონის მშპ 30.3 ტრლნ დოლარით, ხოლო იაპონიის მშპ 7.5 ტრლნ დოლარით არის პროგნოზირებული.
ამ სფეროების პოპულარიზაციის მიზნით ინდოეთში 1971 წელს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო შეიქმნა, ხოლო ბოლო 20 წლის განმავლობაში ექვსმა ინდოელმა ნობელის პრემია მიიღო. ამჟამად ქვეყანა სამეცნიერო-ტექნიკური პერსონალის რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
აქტიურად ვითარდება IT-ინდუსტრია. ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც ამინდის პროგნოზირებისა და მონიტორინგისთვის ძლიერი სუპერკომპიუტერი შექმნა და ამ სფეროში ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ ტექნოლოგიებს აქტიურად ნერგავს. AI-სფეროში პატენტებისა და სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობით ინდოეთი უკვე ტოპ 10-ეულში შედის. 2023 წელს ინდოეთის IT და ბიზნესსერვისების ბაზარი 6.1%-ით, 14.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
ინდოეთის ატომური ენერგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი გეგმები 2050 წლისთვის ორი 1000-მეგავატიანი თერმობირთვული რეაქტორის მშენებლობას ითვალისწინებს.
წარმატებული ავიაკოსმოსური ინდუსტრიის შედეგად ინდოეთი მეოთხე ქვეყანაა, რომლის კოსმოსური ხომალდი მთვარის მეორე მხარეს დაეშვა. ქვეყანამ მარსის ორბიტაზე საკუთარი პლანეტათაშორისი სადგური გაგზავნა. Space Vision 2047-ის პროგრამის ფარგლებში, 2047 წლისთვის, ანუ ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე ინდოეთი კოსმოსის კვლევის სფეროში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე უნდა გახდეს
ინდოეთის ფარმაცევტული ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია.
ინდოეთი საერთაშორისო ვაჭრობის აქტიური მონაწილეა. კერძოდ, 2023/2024 ფინანსურ წელს ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 1.662 ტრლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 892 მლრდ დოლარი იმპორტის, ხოლო 770 მლრდ დოლარი ექსპორტის წილია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ