მაღალმთიანი დასახლებების რეესტრში ირიცხებიან გარდაცვლილი, ასევე მოქალაქეობა შეწყვეტილი პირები - აუდიტი

მაღალმთიანი დასახლებების რეესტრში დღემდე ირიცხებიან პირები, რომლებიც არიან გარდაცვლილი ან შეწყვეტილი აქვთ მოქალაქეობა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში რეესტრში ინფორმაცია აისახება მნიშვნელოვანი დაგვიანებით. შესაბამისად, სოციალური დახმარების არამიზნობრივად გაცემის რისკი საკმაოდ მაღალია.

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობით, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეები სარგებლობენ რიგი სოციალური შეღავათებით, მათ შორის, საპენსიო, სოციალურ პაკეტზე დანამატით და სხვა. ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების და აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მუნიციპალიტეტი აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელიც აწარმოებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრს.

რეესტრის წარმოებისას სააგენტო ვალდებულია:

  • უზრუნველყოს მონაცემთა ელექტრონული ბაზების სწორად ფორმირება და უსაფრთხოება; სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, დროდადრო, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, შეამოწმოს მონაცემების სისწორე, გამოავლინოს და მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ფიზიკურ პირთა გარდაცვალების, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და რეგისტრაციის ადგილის შეცვლის თაობაზე.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ რეესტრში აქტიური სტატუსით დღემდე ირიცხებიან პირები, რომლებიც 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით არიან გარდაცვლილები, მოხსნილნი მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციიდან ან შეწყვეტილი აქვთ მოქალაქეობა.

„შერჩეულ კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციით, სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული შეტყობინებები სტატუსის მქონე პირების გარდაცვალების, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, მუნიციპალიტეტების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, რჩებოდა რეაგირების გარეშე და აღნიშნული პირებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებები არ მიეწოდებოდა სააგენტოს, შესაბამისად არ ხდებოდა რეესტრში ცვლილებების ასახვა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში არ არსებობს არანაირი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტებით, რიგ შემთხვევაში სააგენტოსთვის ინფორმაციის მოწოდება შეფერხებული იყო ტექნიკური ხარვეზების ან სისტემის გაუმართაობის გამო, ხოლო იმ ხარვეზებზე, რომლებიც ძველი წლების საქმეებს უკავშირდება, დაუდგენელია გამომწვევი მიზეზები.

„ზოგიერთ შემთხვევაში რეესტრიდან მიღებულ დავალებაზე მუნიციპალიტეტების მიერ გამოცემული ბრძანებები ვერ გადიოდა ვალიდაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რაზეც ეცნობებოდა მუნიციპალიტეტს, თუმცა მათი მხრიდან ასეთ შემთხვევებს რეაგირება არ მოჰყოლია.

ვინაიდან სტატუსის მქონე პირებისთვის დანამატის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, მნიშვნელოვანია, რომ რეესტრში მონაცემები აისახოს დროულად, იყოს ზუსტი და უტყუარი“,- ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ნინი ქეთელაური