Forever 21 ამერიკული ბაზრიდან გადის - კომპანიამ სასამართლოში გაკოტრებაზე განაცხადი უკვე შეიტანა

Forever 21 ამერიკული ბაზრიდან გადის. საცალო ვაჭრობის კომპანიამ სასამართლოში გაკოტრების შესახებ განაცხადი უკვე შეიტანა. როგორც „სიენენი“ წერს, ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს კომპანიის მხრიდან სასამართლოში განაცხადის შეტანის უკვე მეორე შემთხვევაა.

Forever 21-ი გაკოტრებაზე განაცხადის გაკეთების მთავარ მიზეზად უცხოურ სწრაფი მოდის გადამყიდველ კომპანიებთან სასტიკ კონკურენციას ასახელებს. ეს ნიშნავს, რომ სრულდება ერა ტანსაცმლის ბრენდისა, რომელმაც სწრაფ მოდას ბევრი თინეიჯერი აზიარა - წერს „გამოცემა“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაღაზიები და ვებგვერდი უშუალოდ აშშ-ში კვლავ ღია იქნება, რათა მომხმარებელთათვის სერვისის მიწოდება გააგრძელოს, მაგრამ ეს პროცესი „მოწესრიგებულ შემცირებას“ ექვემდებარება. გაგრძელდება სალიკვიდაციო გაყიდვები და კომპანია პარალელურად ახალ მფლობელს ეძებს - სრული ან ნაწილობრივი წილის შესაძენად.

„ჩვენ ვერ შევძელით მოგვენახა სათანადო გზა, უცხოური სწრაფი მოდის კომპანიებისთვის კონკურენციის გასაწევად. ასევე, ხაზს გავუსვამდი მზარდი ხარჯებისა და ფინანსური გამოწვევების ფაქტორებს, ეს ყველაგერი გავლენას ახდენს ჩვენს მომხმარებლებსა და უშუალოდ სამომხმარებლო ტენდენციების განვითარებაზე“ - განაცხადა Forever 21-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა ბრედ სელიმ.

საგულისხმოა ისიც, რომ სხვადასხვა ოპერაციების დასასრულებლად, გაკოტრების მეთოდს ბევრი ამერიკული ბიზნესი მიმართავს. ხშირ შემთხვევაში, ეს დავალიანებების დაფარვასა და ხარჯების შემცირებას უკავშირდება. გაკოტრება არის ჩვეულებრივი გზა, რომელიც პრობლემების მქონე კომპანიას ფინანსური პრობლემების რესტრუქტურიზაციის ფორმით მოგვარების საშუალებას აძლევს.

ცნობისათვის, Forever 21-მა სასამართლოს გაკოტრების შესახებ პირველად 2019 წელს მიმართა და 200 მაღაზია დახურა. რამდენიმე თვის შემდეგ კომპანია გაიყიდა და მისი ახალი მფლობელები სავაჭრო ოპერატორების გუნდი Simon Property Group; Brookfield Properties და Authentic Brands Group-ი გახდნენ, რომელთაც Forever 21-ის სანაცვლოდ 81 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამან კომპანიას საშუალება მისცა, ოპერირება მცირე საცალო ბაზრის მასშტაბით გაეგრძელებინა.

თუმცა, წლების შემდეგ, პერსპექტივა ისევ ბუნდოვანია.

ირაკლი ფოფხაძე