აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა დამტკიცდა. შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნებულია, რომელიც აწესრიგებს საქმიანობას საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილ ზონებში. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ის ძირითადი მოთხოვნები, რომელსაც თევზისა და მოლუსკის ზონები უნდა აკმაყოფილებდეს.
ამასთან, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მოწოდებულია განავითაროს მდგრადი საზღვაო აკვაკულტურის ინდუსტრია და ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილებასა და სტანდარტებზე დაყრდნობით უზრუნველყოს შავ ზღვაში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების ფუნქციონირება.
დოკუმენტის მიხედვით, „აკვაკულტურის შესახებ“ კანონი საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას დაადგინოს აკვაკულტურის ზონები. კერძოდ:
ადგენს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის (მარიკულტურის) განხორციელების სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს;
განსაზღვრავს აკვაკულტურის საქმიანობის მნიშვნელოვან ასპექტებს როგორც პოლიტიკის, ასევე აღსრულების დონეზე.
არეგულირებს აკვაკულტურის საქმიანობას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, შიდა წყლებში და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
არეგულირებს აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესაბამისად.
განსაზღვრავს სახელმწიფო მართვაზე პასუხისმგებელ დაწესებულებებს და ზოგიერთ საქმიანობას აკვაკულტურის სექტორში.
გარდა ამისა, დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ კანონი განსაზღვრავს აკვაკულტურაში სპეციალიზებული საბჭოების შექმნას, რომლებიც იმუშავებენ აკვაკულტურის განვითარების საკითხებზე. ამასთან, კანონი გარემოს ეროვნულ სააგენტოს განუსაზღვრავს უფლებამოსილებას გასცეს აკვაკულტურის ნებართვა, რომელიც ანიჭებს ნებართვის მფლობელს აკვაკულტურის საქმიანობის წარმართვის უფლებამოსილებას.
დადგენილების თანახმად, კანონი განსაზღვრავს აკვაკულტურის ნებართვების გაცემის პროცედურებს, სანებართვო პირობებს აკვაკულტურული ნებართვების მისაღებად; თევზის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ჰიგიენური და სანიტარიული პირობების დაცვით განსახორციელებელ ღონისძიებებს; გამოყენებული ქიმიური და სამკურნალო საშუალებების შესახებ ჩანაწერების შენახვასა და სხვა მოთხოვნებს.