რა შეამცირებს ჩრდილოვან ეკონომიკას ქვეყანაში - „სამიზნე მაჩვენებელი 5-8% უნდა იყოს“

მცირდება, თუმცა რეალური მაჩვენებლის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოსთვის, მთლიან შიდა პროდუქტში არაფორმალური/დაუკვირვებდი ეკონომიკის წილი მშპ-ში 12.7% იყო, რაც 2010 წლის შემდეგ (თუ არ ჩავთვლით 2016 წელს, რა დროსაც მშპ-ში არაფორმალური ეკონომიკის წილი იგივე, 12.7% იყო) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში არაფორმალური ეკონომიკის წილმა მშპ-ში 11.1%, ხოლო მეორე კვარტალში 13.8% შეადგინა.

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, აშშ-ის მსგავს ქვეყნებშიც კი, სადაც ყველაზე აწყობილი საგადასახადო სისტემებია, სხვადასხვა მეთოდოლოგიით დათვლის შემთხვევაში, მონაცემები 3.5%- 8.5%-მდე მერყეობს. საქართველოსთვის კი, წლიურად 12.7%-ანი წილი, არც თუ ისე საგანგაშოა.

„ჩრდილოვან ეკონომიკასთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემი არ არსებობს. გააჩნია, რა მეთოდიკით ხდება დათვლა. აშშ-ისაც კი, რომელსაც აწყობილი სტატისტიკური და გადასახადო სისტემები აქვს, სხვადასხვა მეთოდით შეფასებისას, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი აშშ-ის მთლიან ეკონომიკაში 3.5%-დან 8.5%-მდე მერყეობს. დათვლის მეთოდს გააჩნია. ამ დროს, საქართველოში რომ 12%-ზე მეტია, მაინცდამაინც ტრაგიკულ მოვლენად არ უნდა აღვიქვათ.

ადამიანების ეკონომიკურ მოქმედებას განსაზღვრავს სტიმულები და აქ არის ერთ-ერთი მომენტი, რომ მიიღოს რაც შეიძლება მეტი შემოსავალი და ჰქონდეს ნაკლები დანახარჯები. ამიტომ, თუ შესაძლებლობა არის და მორალური ფაქტორიც ხელს უწყობს, ცდილობს, როგორმე აირიდოს გადასახადები. თანაც ბევრი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენთან საგადახდო კულტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ამ მხრივ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ის დამკვიდრდეს და მოსახლეობას ძვალსა და რბილში გვქონდეს გამჯდარი“,- ამბობს სოსო არჩვაძე.

კითხვაზე, რა შეამცირებს ქვეყანაში ჩრდილოვან ეკონომიკას და ამასთან, რა არის სამიზნე მაჩვენებელი, სტატისტიკოსი ამბობს, რომ 5-8%, რომლის წინაპირობაც სამართლებრივი განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ზრდა უნდა გახდეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ეკონომიკის მაჩვენებელი იზრდება, მოსახლეობის კეთილდღეობაც უმჯობესდება, ასევე, სამართლებრივი განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მაჩვენებელიც. ეს ის ფაქტორებია, რომელიც ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს შეამცირებს. ადამიანი თავს კარგად უნდა გრძნობდეს არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობის სუბიექტად, არამედ, როგორც საზოგადოების ნაწილად, რომელსაც თანაბარი პასუხისმგებლობა გააჩნია არამხოლოდ საკუთარი შინამეურნეობის, არამედ საზოგადოების წინაშე. ეს თანამონაწილეობა კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ასევე გულისხმობს საგადასახადო კულტურის ფორმირებას. ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და ვფიქრობ, ადრე თუ გვიან შედეგი დადგება.

ჩემი აზრით, ჩვენი კეთილდღეობა სადღაც 60-70%-ით უნდა გაიზარდოს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გავიდეთ იმ ქვეყნების რიგში, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საკმაოდ დაბალია და მოსახლეობის თვითშეგნება, საგადასახადო კულტურა მაღალ დონეზე.

იქიდან გამომდინარე, რომ საბაზრო ეკონომიკისთვის შეუძლებელია, საერთოდ მოვსპოთ უმუშევრობის დონე, ვფიქრობ, 5-8%-ზე მეტად დაწევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ხარჯები გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ის, რასაც საზოგადოება იღებს ასეთი ქმედებისგან (ჩრდილოვანი ეკონომიკისგან). მაგალითად, 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ფუნქციონირებდა საგადასახადო ლეგიონი, მის ფორმირებაზე, შენახვაზე, ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 18 მლნ ლარი დაიხარჯა, მაგრამ ამ სტრუქტურის მიერ ამოღებულმა თანხა შეადგინა 4 მლნ ლარი. შედეგი იყო აბსოლუტურად უარყოფითი. ამიტომ, ამ პრინციპის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულმა ხარჯებმა არ უნდა გადააჭარბოს იმ თანხას, რისთვისაც ის ფუნქციონირებენ, ვფიქრობ სამიზნე მაჩვენებელი 5-8% უნდა იყოს“,- ამბობს სოსო არჩვაძე.

ნინი ქეთელაური