რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გადაიდო - კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები უკვე შეწყდა

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გადაიდო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება.

კალაძის თქმით, ჩაატარეს კვლევები, რომელმაც აჩვენა რომ ადგილზე მასშტაბური მიწისქვეშა სამუშაოებია განსახორციელებელი, რაც დიდ დროსთან არის დაკავშირებული.

მანვე აღნიშნა, რომ ცენტრალური გამზირის დიდი დროით დაკეტვა ადგილზე პრობლემებს შექმნიდა, რის გამოც, სამუშაოების დაწყება მომავალ წლამდე გადაიწევს.

„რუსთაველის გამზირზე მიწის ქვემოთ არის კოლექტორი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, ცენტრალურ გამზირზე არც სანიაღვრე სისტემაა, არც წყლის სისტემაა მოწესრიგებული, არც საკანალიზაციო სისტემა. ყველაფერი, რაც მოედინება, გარკვეულ შენობებს უქნის პრობლემას. მისი დემონტაჟი დროსთან და ვადებთან არის დაკავშირებული. ვვარაუდობდით, რომ თვითონ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამი თვე დასჭირდებოდა და დაწყებას მაისის ბოლოს ვაპირებდით, თუმცა ამ ეტაპზე მოგვიწევს, მომავალი წლისთვის გადავიტანოთ სამუშაოები, რადგან უფრო მეტი დროა საჭირო იმისთვის, რომ კომუნიკაციები მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში.

კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები შეწყდა

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, როგორც აქამდე ცნობილი იყო, მიმდინარე წლის მაისში უნდა დაწყებულიყო. სამუშაოების შესრულებაზე მერიამ სხვადასხვა მონაკვეთზე ტენდერი გამოაცხადა. „ბიზნესპრესნიუსი“ მარტის დასაწყისში წერდა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ოთხივე ტენდერში გამარჯვებული გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტების თანახმად, ჯამში პროექტის ღირებულება 27 825 757 ლარს შეადგენდა.

კერძოდ, ოთხი ტენდერიდან სამში შპს „დინ გრუპმა“ გაიმარჯვა. კომპანია ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის რეაბილიტაციას 8 599 925 ლარად განახორციელებს. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სამუშაოები კი 6 743 924 ლარი დაჯდებოდა. რაც შეეხება მეტროსადგურ რუსთაველიდან ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით ტერიტორიას, სამუშაოებში 8 232 910 ლარის დახარჯვა იგეგმებოდა.

რაც შეეხება მეოთხე ტენდერს, ამ შემთხვევაში გამარჯვებული „სმარტ სოლუშენსი“ გახდა. კომპანია ჭოველიძის ქუჩიდან მეტროსადგურამდე „რუსთაველი“ სამუშაოებს 4 248 998 ლარად შეასრულებდა. ინფორმაციისთვის, შპს „სმარტ სოლუშენსი“ 2015 წელს დაფუძნდა. კომპანიის წილებს სრულად ლევან გოგსაძე განკარგავს. დირექტორის პოზიციას კი გოგსაძე და გურამ კეკუა იკავებენ.

იქიდან გამომდინარე, რომ რეაბილიტაცია გადაიდო, კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები შეწყდა. შესაბამისი ცვლილება შესყიდვებში 24 მარტს განხორციელდა.

მერი ტაბატაძე