საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები 6 საერთაშორისო ინდექს ფონდშია განთავსებული. ბოლო თვეების განმავლობაში, მსოფლიო ბირჟებზე აქციების ნაწილის შემთხვევაში ფასის ვარდნა და მერყეობა დაფიქსირდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ აისახა აღნიშნული პროცესი მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებზე.
როგორც BPN-ის კითხვის საპასუხოდ საპენსიო სააგენტოს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასის ცვლილების მიუხედავად, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით საპენსიო სააგენტოს სამივე საინვესტიციო პორტფელში ჯამურად ზრდა დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, სააგენტოში განმარტავენ, რომ კონსერვატიულ პორტფელში დაფიქსირდა 3.74%-იანი ზრდა (220.4 მლნ ლარის მოცულობით), დაბალანსებულ პორტფელში - 3.34%-იანი (1.1 მილიონი ლარის ზრდა), ხოლო დინამიკურ პორტფელში 3.47%-იანი ზრდაა დაფიქსირებული (1.1 მილიონი ლარი).
„2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების მაღალმა ცვალებადობამ, შესაბამისი გავლენა იქონია საპენსიო აქტივების ღირებულებაზე. აღნიშნული პერიოდის ნაწილი ხასიათდებოდა, როგორც აქციების ფასების ზრდით, ასევე შემცირებით. მიუხედავად 2025 წლის პირველ 2 თვეში დაფიქსირებული ცვლილებებისა (აქციების ფასის კლება), 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით საპენსიო სააგენტოს სამივე საინვესტიციო პორტფელში ჯამურად ზრდა დაფიქსირდა.
2024 წელს საპენსიო სააგენტოს აქტივის კლასებს შორის საუკეთესო შედეგი სწორედ გლობალური აქციების პორტფელმა აჩვენა და აქციების ბაზარში სააგენტოს მიერ განხორციელებული პირველი ინვესტიციის შედეგად დაგენერირებულმა ჯამურმა მოგებამ 242.2 მილიონი ლარი შეადგინა“, - განუცხადეს BPN-ს საპენსიო სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის 18 მარტის მდგომარეობით, საერთაშორისო აქციებში ჯამში 1.1 მლრდ ლარის ინვესტიციაა განხორციელებული, რაც მთლიანი საპენსიო აქტივების 16.8%-ია.