Starline ევროპის 39 პუნქტს ჩქაროსნული მატარებლით დააკავშირებს?!

Starline ევროპის 39 პუნქტს ჩქაროსნული მატარებლით დააკავშირებს - ამის შესახებ ფრანგული „ევრონიუსი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, თუკი დღეს ადამიანს ბერლინიდან ჰელსინკში მატარებლით მგზავრობისას თითქმის მთელი დღე სჭირდება, ეს დრო, შესაძლოა, 5 საათამდე შემცირდეს.

„ევრონიუსი“-ს ინფორმაციით, კოპენჰაგენში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ჯგუფმა, პროექტ „The 21st Europe“-ს ფარგლებში, შეიმუშავა გეგმა, რომელიც ევროპის 39 სარკინიგზო პუნქტის დაკავშირებასა და მგზავრობის დროის საგრძნობლად შემცირებას განაპირობებს. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ქსელის სათანადოდ გამართვის შემთხვევაში, მას კონკურენციის გაწევა საჰაერო მოგზაურობისთვისაც კი შეუძლია.

Starline-ის სახელით ცნობილი მეტრო და სამარშრუტო ხაზები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის, თურქეთისა და უკრაინის ტერიტორიასაც მოიცავს, 22 000 კმ.-ის სიგრძის უნდა იყოს და მატარებლებმა 300-400 კმ/სთ-ით იმოძრაონ - 30%-ით უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა. ვაგონები დაყოფილი იქნება, არა კლასების მიხედვით, არამედ მოთხოვნილებების შესაბამისად: წყნარი ადგილები, საოჯახო სივრცეები, რესტორნები, მაღაზიები, მოსაცდელი ადგილები, საკონცერტო დარბაზები, მუზეუმები, სპორტული სივრცეები და ა.შ.

ინიციატორთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ამ სუპერ მასშტაბური გეგმის განხორციელება და ამოქმედება 2040 წლისთვის არის შესაძლებელი. ცხადია, ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა ბევრი ქვეყნის ინტერესთან, სხვადასხვა ფაქტორებთან და სპეციფიკაციებთანაა დაკავშირებული, თუმცა პროექტის მთავარი მიზანი, წესით, ამ ქვეყნებისთვისაც ხელსაყრელი და საინტერესო უნდა იყოს.

ირაკლი ფოფხაძე