პარიზელებმა რეფერენდუმზე 500 ქუჩის საფეხმავლოდ მოწყობას მხარი დაუჭირეს

პარიზელებმა 23 მარტს გამართულ რეფერენდუმზე 500 ქუჩის საფეხმავლოდ მოწყობასა და საპარკინგე ადგილების 10%-ის გაუქმებას მხარი დაუჭირეს.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ინიციატივის მიზანი ქალაქის ყველა უბანში საფეხმავლო სივრცის გაზრდაა. გაზაფხულზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართება, თუ რომელი ქუჩები უნდა გახდეს საფეხმავლო. თითო უბანში ასეთი ხუთი-რვა ქუჩა უნდა იყოს. თითოეულ ქუჩაზე რეკონსტრუქციის საშუალო ბიუჯეტი 500 000 ევროს შეადგენს.

ინიციატივას ამომრჩეველთა 66%-მა დაუჭირა მხარი, თუმცა აქტივობა მეტად დაბალი იყო: რეფერენდუმზე ამომრჩეველთა მხოლოდ 4% გამოცხადდა.

პარიზის მერიამ რეფერენდუმის შედეგებს მხარი დაუჭირა.

სულ პარიზში 6000-ზე მეტი ქუჩაა.

ცნობისთვის: პარიზის მერ ანა იდალგოს ხელმძღვანელობით ქალაქის ქუჩებში საფეხმავლო ​​სივრცის გასაზრდელად სისტემატური პოლიტიკა მიმდინარეობს. ეს გეგმა სატრანსპორტო მოძრაობის დახურვას და საპარკინგე ადგილების გაუქმებას ითვალისწინებს, რომლებსაც ქვაფენილი და გამწვანებული სივრცე ორი-ერთის თანაფარდობით ცვლის. ქუჩების რეკონსტრუქციას რამდენიმე მიზანი აქვს, როგორიც არის დაბინძურების შემცირება, ფეხითა და ველოსიპედით სიარულის წახალისება, ქალაქის სითბური ეფექტის შესუსტება ტემპერატურის მარეგულირებელი მწვანე სივრცეების შემოღებით და დატბორვისადმი მდგრადობის გაზრდა გაუმტარი ზედაპირის ღია გრუნტით ჩანაცვლებით, რომელსაც მეტი ტენის შთანთქმა შეუძლია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ