„რაიმე შანსი, რომ ამ წლის ბოლომდე, თუნდაც დღევანდელ მდგომარეობით შენარჩუნდეს რეზერვები, არის ნული“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის სუვერენული რეიტინგის შემცირება უკვე მეორე სარეიტინგო კომპანიის მიერ, იმის მაჩვენებელია, რომ ეს პროცესი სამომავლოდაც, გაგრძელდება.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა.
გასული წლის დეკემბერში ანალოგიურად იმოქმედა შეაფასა საქართველო Fitch-მაც. კერძოდ, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.
„ქვეყნის სუვერენული რეიტინგის შემცირება უკვე მეორე სარეიტინგო კომპანიის მიერ, იმის მაჩვენებელია, რომ ეს პროცესი სამომავლოდაც, სამწუხაროდ, გაგრძელდება. მთავარი ახსნა, როგორც Fitch-ის , ისე Moody’s-ის მიერ არის ის, რომ ქვეყანა ფაქტობრივად, შესულია ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, ეს ქვეყანა არის საერთაშორისო ფინანსურ და პოლიტიკურ იზოლაციაში და თუ ასე გაგრძელდა, ყველაზე მძიმედ ეს აისახება ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებზე. დღეს უკვე მდგომარეობა კრიტიკულ ხასიათს ატარებს, ქვეყნის რეზერვები შემცირდა 4. 2 მლრდ დოლარამდე და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში 800 მლნ დოლარი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საგარეო ვალის მომსახურებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ რეზერვები ჩამოსცდება იმ ზღვარს, რომელიც შეუძლებელია, რომ ჰქონდეს რეიტინგის მქონე ქვეყანას. დღეს მსოფლიოში არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს 2B რეიტინგი და რომლის უცხოური ვალუტის რეზერვები იმ კატასტროფულ მდგომარეობაშია (და პერსპექტივაში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში), როგორიც დღეს აქვს საქართველოს.
თუ 4.2 მლრდ დოლარს გამოვაკლებთ დაახლოებით 800 მლნ-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ რეზერვები უკვე მომავალი წლის ბოლოსთვის შეიძლება ჩამოვიდეს 3.6 მლრდ დოლარის ფარგლებში. ანუ ეს არის 2 მლრდ დოლარით ნაკლები, ვიდრე იყო 2023 წლის აგვისტოში. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე შიდა თუ საგარეო შოკის შემთხვევაში საქართველოს ფინანსური სისტემა აბსოლუტურად მოუმზადებელი და შიშველი დახვდება პროცესს, ვინაიდან, ამ რეზერვების უზარმაზარი ნაწილი, ნახევარზე მეტი, ეს არის კომერციული ბანკების ფული, რომელიც ეროვნულ ბანკს გაყინული აქვს. ანუ წმინდა რეზერვები ქვეყანას დღეისთვისაც აქვს ძალიან მცირე ოდენობით. რაიმე შანსი, რომ თუნდაც დღევანდელ მდგომარეობამდე შენარჩუნდეს რეზერვები, ამ წლის ბოლომდე, არის ნული. არ არსებობს არავითარი წყარო რეზერვების დაგროვების. მცირე ოდენი შეიძლება ეროვნულმა ბანკმა შეისყიდოს, ოღონდ ესეც დამოკიდებული იქნება ბევრ პროცესზე, შეიძლება ეს მაქსიმუმ 100 ან 200 მილიონი დოლარი იყოს, მაგრამ როდესაც შეწყდა საერთაშორისო დახმარებები (ნახევარი მილიარდი მარტო დღეს გვაქვს დაკარგული უცხოური დახმარებები გრანტები, იაფი სესხები და ა.შ). ამას უკვე მოჰყვება საინვესტიციო გარემოს გაუარესება.
შეიძლება 1000%-ანი სიზუსტით ვთქვათ, რომ წლის ბოლოსთვის რეზერვები იქნება მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე არის დღეს. ხოლო დღევანდელ მდგომარეობას საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები ახასიათებენ როგორც კრიტიკულს და როგორც საგანგაშოს. ეს ბუნებრივია, მოახდენს გავლენას უკვე ბიზნესზე, ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაციაზე, გაუძვირდება ბიზნესს უცხოურ კაპიტალზე წვდომა, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ეკონომიკური განვითარების შეფერხებას. პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გარეშე საქართველოს არ აქვს არავითარი პერსპექტივა მომავალში, რომ მან მიაღწიოს ფინანსურ სტაბილურობას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.