პანამის ხელისუფლება ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 128 რუსული გემის რეგისტრაციას მას შემდეგ აუქმებს, რაც მათ აშშ-მა სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ პანამის საზღვაო სამმართველოს სავაჭრო ფლოტის უფროსმა, რამონ ფრანკომ განაცხადა, რასაც Bloomberg ავრცელებს.
მისი თქმით, რეესტრიდან უკვე, მინიმუმ, 70 ტანკერი არის მოხსნილი და უახლოეს მომავალში კიდევ ათეულობით ტანკერს ამოიღებენ.
თებერვლის მდგომარეობით, შავ სიაში შეყვანილი რუსული ტანკერების საერთო რაოდენობამ 270-ს გადააჭარბა. S&P Global-ის თანახმად, სანქციები შეეხო გემებს, რომლებიც რუსეთის საზღვაო ნავთობექსპორტის ნახევარს უზრუნველყოფდნენ. ეს დღეში 1,5 მლნ ბარელია, საიდანაც, დაახლოებით, 1 მლნ ბარელი ჩინეთში, ხოლო 500,000 ბარელი ინდოეთში იგზავნება. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ვადის ამოწურვის წინ სანქციები რუსული ნავთობის გადამზიდავ 183 ტანკერს, ათეულობით ტრეიდერსა და სადაზღვევო კომპანიებს დაუწესა.
პანამის გადაწყვეტილება, მის პოლიტიკურ პოზიციასთან ერთად, 2023 წლის ოქტომბერში მიღებულ რეფორმებს უკავშირდება, რამაც რეესტრიდან გემების ამოღების პროცედურა მნიშვნელოვნად დააჩქარა. თუ ადრე ეს პროცესი ექვს თვემდე გრძელდებოდა, ამჟამად მხოლოდ ერთი თვე სჭირდება. მართალია, სანქცირებული გემების დარეგისტრირების აკრძალვით სახელმწიფო 2 მლნ დოლარამდე შემოსავალს დაკარგავს, მაგრამ პანამა ამით სანქციების დაცვის მზადყოფნას აჩვენებს.
პანამის რეესტრში 8000-ზე მეტი გემია. ის დიდი ხანია ლიდერობდა გემებისთვის დროშის მინიჭების ყველაზე მოსახერხებელ ქვეყნებს შორის. თუმცა, რუსეთისა და ირანის ენერგეტიკული სექტორების მიმართ სანქციების გამკაცრებასთან ერთად, ამ ქვეყნების გემებზე საერთაშორისო ყურადღება იზრდება. ზოგიერთმა გემმა სარეგისტრაციო ქვეყანა უკვე შეიცვალა და უფრო რბილი წესების მქონე იურისდიქციებში გადავიდა, ზოგი კი დროშის გარეშე ცურავს.
ცნობისთვის: გასულ კვირას Der Spiegel წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ გერმანიამ ტანკერ Eventin-ის კონფისკაცია მოახდინა, რომელსაც რუსული ნავთობი პანამის დროშის ქვეშ გადაჰქონდა. ბორტზე 100 ათასი ტონა ნავთობი იყო ჩატვირთული, რაც, ასევე, კონფისკაციას დაექვემდებარა. Eventin-მა იანვრის შუა რიცხვებში ბალტიის ზღვაში მართვა დაკარგა, რის შემდეგაც ის სამმა გერმანულმა გემმა ბუქსირით გადაიყვანა. თებერვლის ბოლოს Eventin, როგორც რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერი, ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ