ბიზნესი მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ლარის კურსის არასტაბილურობას ასახელებს - BAG

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.

როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის პირველ კვარტალში 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 3,3 ქულით შემცირდა, თუმცა მომავალი 6 თვის მოლოდინები გაუმჯობესებულია 9,6 ქულით.

“BAG ინდექსი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.

BAG ინდექსს საქართველოს ბიზნესასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს 2019 წლიდან. BAG ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

2025 წლის პირველი კვარტლის გამოკითხვა ჩატარდა 17 თებერვალი-5 მარტის პერიოდში. გამოკითხვის შედეგად, კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მოლოდინები დადებითად შეაფასეს. 2025 წლის პირველ კვარტალში 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 3,3 ქულით შემცირდა, თუმცა მომავალი 6 თვის მოლოდინები გაუმჯობესებულია 9,6 ქულით, აღნიშნული პოზიტიური დინამიკის მაჩვენებელია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ შევადარებთ მიმდინარე წლის პირველ კვარტალს გასული წლის პირველ კვარტალს ბიზნესის მომავალი 6 თვის მოლოდინები გაუმჯობესებულია ვაჭრობის, მომსახურების და მშენებლობის სექტორებში და ოდნავ შემცირებულია მრეწველობის სექტორში და შესაბამისად ამ ნაწილშიც დადებითი დინამიკა გამოვლინდა.

ასევე საგულისხმოა, დასაქმების მაჩვენებელი, კერძოდ 2025 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული კომპანიების 23%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ხოლო, რაც შეეხება 2025 წლის მეორე კვარტლის მოლოდინებს, გამოკითხული კომპანიების 29 % ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. 2025 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ყველაზე მეტი ზრდა მშენებლობის/დეველოპერულ სექტორში დაფიქსირდა, რაც შეეხება ამ კუთხით მოლოდინებს 2025 წლის მეორე კვარტალში ყველაზე პოზიტიური შეფასებებით ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა.

ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებში პირველი ადგილი დაიკავა ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობამ, მაშინ როცა ეს ფაქტორი უკვე დიდი ხანია მეოთხე, მეხუთე ადგილს იკავებდა ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის, რაც მიუთითებს ქართული ბიზნესის და შესაბამისად ეკონომიკის სენსიტიურობაზე ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულ კომპანიათა უმეტესობის აზრით, მოლოდინები მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ლარის კურსთან მიმართებაში პოზიტიურია და კომპანიები ელიან, რომ ლარის კურსი სტაბილური იქნება. აღნიშნული კი იმის შედეგია, რომ ბოლო პერიოდში ვითარება შიდა სავალუტო ბაზარზე დასტაბილურდა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.