აპრილის-მაისის-ივნისის პერიოდში მშენებლობის სექტორში ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მოლოდინია - ამის შესახებ 2025 წლის 1-ლი კვარტალის BAG ინდექსშია აღნიშნული, რომელიც ბიზნესასოციაციამ გაასაჯაროვა.
„2025 წლის 1-ელ კვარტალში გამოკითხული კომპანიების 29%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები. რაც შეეხება 2025 წლის მე-2 კვარტლის მოლოდინს, გამოკითხულ კომპანიათა 24% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას.
სექტორებს შორის, 2025 წლის 1-ელ კვარტალში ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მრეწველობის სექტორში აფიქსირებს. 2025 წლის მე-2 კვარტალში კი ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება,“ - აღნიშნულია ინდექსში.
ცნობისთვის, BAG ინდექსი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსს საქართველოს ბიზნესასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს 2019 წლიდან. BAG ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.
2025 წლის პირველი კვარტლის გამოკითხვა ჩატარდა 17 თებერვალი-5 მარტის პერიოდში. გამოკითხვის შედეგად, კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მოლოდინები დადებითად შეაფასეს.