სერვის TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance-ის დამფუძნებელი, 41 წლის ჩჟან იმინი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეშია.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის (Bloomberg Billionaire Index) მიხედვით, ბიზნესმენის ქონება 57.5 მლრდ დოლარს აღწევს.
მეორე ადგილზე სატელეკომუნიკაციო კომპანია Tencent-ის დამფუძნებელი მა ხუატენია, რომელსაც, ასევე, პონი მას სახელით იცნობენ. მისი ქონება 56.6 მლრდ დოლარს შეადგენს. Tencent პოპულარულ ჩინურ მესენჯერ WeChat-ის მფლობელი კომპანიაა, რომელსაც 1.3 მლრდ ადამიანი იყენებს.
პირველ სამეულში, ასევე, მოხვდა სასმელი წყლის ბრენდ Nongfu-ს მწარმოებელი კომპანიის მფლობელი, 70 წლის ჩჟუნ შანშანი. მისი ქონება 54.1 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
ცნობისთვის: აზიის უმდიდრესი ადამიანის, ინდოელი მუკეშ ამბანის ფინანსური აქტივები ბიზნესპრობლემების გამო 90.9 მლრდ დოლარამდე დაეცა, მაშინ, როცა 2024 წელს მისი ქონება 120 მლრდ დოლარს აჭარბებდა. ამჟამად ის მე-17 ადგილზეა, ხოლო პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში კვლავ ილონ მასკი ლიდერობს, რომლის ქონებაც 336 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ