„გადაშენებული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშის „ქციის თეთრის“ ვენახს გავაშენებთ წელს“ - ახალბედა მეღვინის ბიომეღვინეობა-მევენახეობა

"ხიხვი დავამზადეთ ტრადიციული კახური მეთოდით, ჭაჭაზე - ქვევრში 6 თვეს დავაყოვნეთ; საფერავი დუღილისას ჭაჭიდან მოვხსენით და ისიც 6 თვე ქვევრშია დადუღებულ-დაყენებული. ორივე საუკეთესო გემოვანი თვისებებით გამოირჩევა და დეგუსტატორების მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ქართლის ჯიშებიდან უფრო მსუბუქი, ე.წ. ევროპული ხასიათის ღვინოები დავაყენეთ. ჭაჭაზე დადუღებული ჩალისფერი ჩინური და თავკვერისგან დაყენებული ვარდისფერი ღვინო "როზე", ჭაჭის გარეშე ანუ უდედოდ დადუღდა და ულამაზესი ლალისფერი შეფერილობის გათვალისწინებით, მეტად სადღესასწაულო ხასიათისაა. ასევე, პირველად ვცადეთ ჩინურისა და თავკვერის პეტნატების (ნატურალური ცქრიალა ღვინოების) დამზადება მცირე რაოდენობით, რომელთა შეძენაც ადგილობრივ ბაზარზე უკვე შესაძლებელია", - გვეუბნება ნატო ალთუნაშვილი, ახალბედა მეღვინე, რომელმაც მეგობართან ერთად წინაპრების მამულში ბიომეღვინეობა-მევენახეობას ჩაუყარა საფუძველი.

ნატო ალთუნაშვილი:

- არქიტექტორი ვარ, 10 წელია ჩემი პროფესიით ვმუშაობ და ძალიან მიყვარს ბუნება, მცენარეები, ლანდშაფტის დიზაინი და დაგეგმარება. რამდენიმე წლის წინ მეგობარმა კახეთიდან ხიხვის ჯიშის ყურძენი მაჩუქა, რომლისგანაც პირველად ქვევრში ღვინო დავაყენეთ, ქვევრიც ნაცნობმა მემარნემ დაგვითმო... ქვევრის ღვინის ტრადიციამ, მისმა ორგანულობამ, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ მომინდა მარანი მქონოდა, სადაც შევძლებდი სხვადასხვა ტიპის ღვინის დაყენების სრული ციკლის მართვას. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბირთვისის კანიონის მიმდებარედ, სოფელ ტბისში ბებოს კარ-მიდამო ჰქონდა. ბავშვობაში მიყვებოდა, რომ ამ ტერიტორიაზე ძველი ნასახლარები იყო, სადაც ვენახიც ჰქონდათ გაშენებული... მოკლედ, გამიჩნდა სურვილი, ზუსტად ამ ფერდობ მიწაზე ძველი ქართული ტრადიციისა და თანამედროვე ელემენტებით ტერასულად გამეშენებინა ვენახი. ეს ბებოს ნატვრა და სურვილიც იყო... ასე გადაწყდა ბირთვისში წინაპრების ტრადიციის აღდგენა - მარნისა და ვენახის გაშენება.

- იდეის ხორცშესხმა მარტომ დაიწყეთ?

- მე და ჩემმა მეგობარმა ავთანდილ მჭედლიძემ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ინტერესები გადაიკვეთა - ორივეს გვსურდა მარნის აშენება. არ გვინდოდა მონოფუნქციური ყოფილიყო, გვინდოდა ჰქონოდა შემეცნებითი, სოციალური აქტივობების სივრცე, ტურისტულად მიმზიდველი ან თუნდაც სივრცე მეგობრებისა და ოჯახის წევრების შეკრებისათვის; დაგვეყენებინა ღვინოები, მოგვეძიებინა და გაგვეშენებინა გადაშენებული ან გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშები. ასევე გვინდოდა ამ ადგილის პოპულარიზაცია. ულამაზესი ბირთვისის კანიონი, ისტორიული ნაგებობებით, ერთდროულად ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

- მარანი, როგორც ვიცი, უკვე ააშენეთ.

- დიახ. მეღვინეობა ეკომეგობრული და მდგრადი არქიტექტურის პრინციპების გათვალისწინებით დავიწყეთ. მარნისა და ვენახის კონცეფცია ჩვენი ხედვებით შევქმენით - ავთო წლების განმავლობაში ალგეთის ეროვნული პარკის დირექტორი იყო და კარგად იცის ჯანსაღი ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობა. არქიტექტურული ნაწილი ლანდშაფტზე მინიმალური ჩარევების გათვალისწინებითაა გადაწყვეტილი. ფერდობში მარანი ისეა შეჭრილი, რომ მისი ძირითადი ნაწილი მიწის ქვეშ არის მოქცეული. მასალების უმეტესობაც ადგილობრივია, გამოვიყენეთ ტკეპნილი მიწისა და ნამჯა-მიწის ტექნოლოგიები, რომელთა თბოსაიზოლაციო და ტენის შთანთქმის უნარებმა ბუნებრივად შექმნა ღვინის დასაყენებლად იდეალური კლიმატისა და სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი. ეს წინასწარ განვსაზღვრეთ და ზუსტად ის ეფექტი მივიღეთ, რასაც ველოდით.

- ღვინის დაყენება იცოდით?

- საქართველო ხომ ღვინის სამშობლოა, ალბათ, მეტ-ნაკლებად ყველა ოჯახს ჰქონია საქმე ყურძენთან, რთველსა და ღვინის დაყენებასთან, მაგრამ, რადგან ამ ყველაფერს პროფესიულად ვიწყებდით, ვცადეთ, ყველა შესაძლო წყარო გამოგვეყენებინა - მარნების მშენებლობის ტრადიციების მოძიებით დაწყებული, ღვინის დაყენების ტექნოლოგიებით დამთავრებული. ვინაიდან აქცენტი ბიო და ნატურალური ღვინის წარმოებაზე გვქონდა, საკონსულტაციოდ ბიომეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მივმართეთ და საერთაშორისო სტანდარტის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ. გაწევრებისთანავე საკონსულტაციო მიზნებისთვის გამოგვიყვეს მეღვინე-ტექნოლოგი, ღვინის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი, რომელიც პირველივე დღიდან ჩვენ გვერდითაა და დღეს უკვე ჩვენი დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. დავიწყეთ ყველა რეკომენდაციის შესრულება. პირველი ნაბიჯი ქვევრების შეკვეთა იყო.

ჭიათურაში, სოფელ მანდაეთში, 7 ტონა წარმადობის ქვევრები შევიძინეთ, სულ 10 ცალია, სხვადასხვა ზომის, საჭირო ტემპერატურაზე გამომწვარი. რთულ მეტეოპირობებში მოგვიწია ქვევრების მიწაში ჩაყრამ და ასე დაიწყო ეკომარნის მშენებლობა. მას შემდეგ მარანში ყველაფერი ჩვენი ხელით არის გაკეთებული...

- და საქმე მიდგა ქვევრებში ღვინის ჩაწურვაზეც...

- კი, იდეიდან ზუსტად 1 წელიწადში ღვინის მისაღებად მზად ვიყავით. შარშან ბირთვისის მეღვინეობაში ოთხი სახეობის ყურძენი ჩავწურეთ, მათ შორის ორი - ბიოსერტიფიკატის მქონე, კახეთში შეძენილი საფერავი, ხიხვი და შემდეგ ქართლური ჯიშები, ჩინური და თავკვერი დავამატეთ. ჯამში 5 ტონამდე ყურძენი შევიძინეთ და გადავამუშავეთ. ღვინო სხვადასხვა ტექნოლოგიით დავაყენეთ... ერთ-ერთი პოზიცია, რომელიც გიორგი ბარისაშვილის რეკომენდაციით საახალწლოდ ვცადეთ, იყო თავკვერისა და ჩინურისგან დაყენებული ნატურალური ცქრიალა ღვინო ანუ პეტნატი, რომელიც ბოთლებში ჩამოვასხით ჩვენივე დიზაინის ეტიკეტით და ადგილობრივ ბაზარზეც გავიტანეთ... მაის-ივნისში დაგეგმილ ღვინის ფესტივალებზე დავრეგისტრირდით და სხვა ფესტივალებზეც ვაპირებთ პროდუქციის გატანას. ზაფხულში სომხეთში ვიყავი ფესტივალზე, გამოფენები იყო, სადაც ფაშინიანმა შეიძინა ჩემი ნაჩუქარი ყურძნისგან დაყენებული ღვინო.

- როგორც ვიცი, იშვიათი ჯიშის ვაზის მოძიებაშიც გაქვთ შედეგი.

- მიწის ფართობი მცირე გვაქვს (დაახლოებით 1000 კვმ), მაგრამ პირველ ეტაპზე საკმარისია, რომ ადგილობრივი ვაზის იშვიათი ჯიშების სადემონსტრაციო ნაკვეთი მოვაწყოთ და მათ პოპულარიზაცია-გამრავლებას შევუწყოთ ხელი. გარდა ბიოსტატუსისა, გვსურს მარანსა და ვენახს სამეცნიერო კვლევებისა და სხვა სასარგებლო სოციალური აქტივობების ფუნქციაც ჰქონდეს.

ადგილობრივი კლიმატისთვის შესაბამისი ენდემური ვაზის ჯიშების ძიებისას სხვადასხვა წყაროში გადავაწყდით ერთ-ერთი ჯიშის შესახებ ინფორმაციას - ესაა "ქციის თეთრი", რომელიც სხვადასხვა დროის ენოლოგების აღწერით იყო გავრცელებული მდინარე ქციის (ხრამის) ხეობის მიმდებარედ. ის ქვემო ქართლის ავტოქთონური, გადაშენებული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. როგორც გაირკვა, არსებობს "ქციის შავიც", მაგრამ ჯერ არ არის მოძიებული. წლეულს გავაშენებთ "ქციის თეთრის" ვენახს, ჯერჯერობით 30 ნერგი გვაქვს. განაგრძეთ კითხვა