„ერთ-ერთი უმძიმესი მონაკვეთია ქუთაისი-წყალტუბოს გზა ავარიების თვალსაზრისით - ყველა „შავი წერტილი“ რუკაზე უნდა იყოს“

საქართველოს გზებზე ყველა ე.წ. „შავი წერტილი“ რუკაზე უნდა იყოს გადატანილი და აღნიშნული, ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „მწვანე ზონა“ განაცხადა.

„ერთ-ერთი უმძიმესი მონაკვეთია ქუთაისი-წყალტუბოს გზა“

„კანონმდებლობის თანახმად, „შავი წერტილად“ მიჩნეულია ისეთი ადგილი, სადაც 3 საგზაო შემთხვევა მოხდება 2 წლის განმავლობაში და რომლის შედეგადაც, ადამიანი ფიზიკურ დაზიანებას მიიღებს. თუმცა, კანონმდებლობაში არ არის გაწერილი შემდეგი მოქმედება - თუ რა ხდება უკვე იმის შემდეგ, რაც დადგინდა რომ კონკრეტული ადგილი არის „შავი წერტილი“.

რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისში, მეტეხის ხიდთან რამდენიმე დღის ინტერვალით მოხდა 3 საგზაო შემთხვევა და სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევაც იყო. ასეთ ვითარებაში ქმედება უნდა იყოს შემდეგი: უნდა გადიოდეს ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია გზების ინჟინერით, განათების სპეციალისტით, შეიძლება იყოს გამწვანების სპეციალისტი, იმის გასარკვევად ნარგავი ხომ არ უშლის ხელს საგზაო ნიშნის ხილვადობას ან სხვა. ე.წ. შავი წერტილი დადგენის შემდეგ, უნდა ხდებოდეს ადგილის შესწავლა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა ქმედებები მოყვა ფაქტს, როდესაც მეტეხის ხიდიდან პირველი მანქანა გადავარდა, ან მეორე ან მესამე.

ბათუმის მაგალითით რომ ვისაუბროთ, ტბელ აბუსელიძის ქუჩა 13 ნომერი, „შავი წერტილი“ კი არა „შავი ლაქაა“ მთელი ეს წერტილი. კვირა არ გავა, ქვეითად მოსიარულეს არ დაეჯახოს ავტომობილი. ამ შემთხვევაშიც, რამდენიმე წლის წინ ვუთხარით ბათუმის მერიას, რომ ადგილზე რეაგირება მოეხდინათ. ცალკე საკითხია ისიც, რომ შეიძლება გავიდნენ კიდეც ადგილზე, მაგრამ საგზაო შემთხვევის ანალიზს სჭირდება სპეციალიზირებული ცოდნა. სწორედ აქ დგება საჭიროება, რომ ყველა ვინც ამ სფეროში უნდა იყოს ჩართული და აღმოფხვრას „შავი წერტილები“ მუნიციპალურ დონეზე, უნდა გაიარონ სპეციალური მომზადება, იმისთვის რომ მიხვდნენ რა მოხდა შემთხვევის ადგილას.

ქედაში მაგალითად, კონკრეტული მონაკვეთზე არათუ 2 წელი, არამედ თვე არ გადის ისე რომ ადამიანი არ დაიღუპოს.

როგორ უნდა ხდებოდეს, „შავი წერტილების“ იდენტიფიცირება, გარდა იმისა რაც კანონმა დაადგინა, კიდევ ბევრი მეთოდია. ერთი საზოგადოების გამოკითხვა, კონკრეტული სოფლის თუ უბნის მოსახლეობის გამოკითხვა, ეს ადამინები იქ ცხოვრობენ და უკეთ იციან. მეორე პოლიციის მონაცემები, სამწუხაროდ, პოლიციის მონაცემებში საგზაო შემთხვევების ზუსტი ადგილები არ არის იდენტიფიცირებული, კარგი იქნება თუ ამას პოლიცია მიაქცევს ყურადღებას. ყველა ადგილი, „შავი წერტილი“ უნდა იყოს გადატანილი და აღნიშნული რუკაზე.

გზებზე ე.წ. „შავი წერტილების“ აღმოფხვრის პროცესში, მნიშვნელოვანია, შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურაც. მძღოლი უნდა იღებდეს გაფრთხილებას, რაღაც ნიშნებით. მაგალითად ქუთაისი-წყალტუბოს გზა ერთ-ერთი უმძიმესი მონაკვეთია საგზაო შემთხვევების თვალსაზრისით, კონკრეტულ ადგილებზე მძღოლი უნდა იგებდეს საგზაო ნიშნებით, ელექტროეკრანით ინფორმაციას: „შეანელე უახლოვდები შავ წერტილს“ და ა.შ. აღსანიშნავია, ისიც რომ ავტოსაგზაო შემთხვევების 25% საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე მოდის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, სადაც ითვლება რომ ყველაფერი გამართულია,“- განაცხადა მესხიშვილმა.

მაგდა შენგელია