The New York Times - ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დროებით დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დროებით დაბლოკა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

The New York Times-ის ცნობით, მანჰეტენის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯეი პოლ ეტკენმა გადაწყვეტილება „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებისა და მათი პროფკავშირების სარჩელის მოსმენის შემდეგ მიიღო.

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტების სარჩელში ნათქვამია, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას არღვევს.

შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში 22 მარტს შეიტანეს.

მანამდე, 19 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში უჩივლა. 26 მარტს ფედერალურმა მოსამართლემ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა.