რომელი პლატფორმა ჩაანაცვლებს Facebook-ს და X-ს - პროგნოზი

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ Facebook-სა და X-ს რომელიმე ერთი კონკრეტული პლატფორმა ჩაანაცვლებს, მაგრამ გაჩნდება სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც მათ გავლენას შეამცირებენ და თავადაც ძალიან გამოყენებადები გახდებიან. ეს უცაბედი პროცესი ვერ იქნება, ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება და ახალი თაობები ახალი პლატფორმების სასარგებლოდ არჩევანს ნელ-ნელა გააკეთებენ“ - ამის შესახებ „ბიბისი“ Flipboard-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ მაკკიუსის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ერთ-ერთ ასეთ მომავლის სოციალურ სივრცედ, შესაძლოა, სწორედ Flipboard-ი მოგვევლინოს - ახლებური მულტიფუნქციური აშშ-ში დაარსებული სოციალური ქსელი, რომელსაც ონლაინ ჟურნალის სახე აქვს და უფრო მეტად შემეცნებითი კონტენტის მიმოცვლაზეა ორიენტირებული. პლატფორმის ერთ-ერთი ნიშაა, რომ ონლაინ სივრცეში არსებული ზღვა მასალა კატეგორიებად დაალაგოს და მომხმარებელს შემეცნებისთვის კომფორტული გარემო შეუქმნას. 2010 წელს დაარსებული კომპანიის შტაბ-ბინა კალიფორნიის ქალაქ პალო ალტოში მდებარეობს, ოფისები ასევე აქვს ნიუ იორკში, ვანკუვერსა და პეკინში.

ინოვაციურ პლატფორმად მიიჩნევა Mozi, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ: „პირადული სოციალური ქსელი, რომლითაც შეგიძლია შენი ახლობლების ადგილსამყოფლის გაგება, ქალაქების კონკრეტულ წერტილთა შემოწმება, დაზუსტებული მარშრუტების შედგენა და დროის წუთი-წუთში განსაზღვრა“.

Mozi Twitter-ის (ამჟამინდელი X) თანადამფუძნებლის, ევ უილიამსის მიერ არის შექმნილი და, სხვა ქსელებისგან განსხვავებით, მას შენი ონლაინში სოციალიზაცია არაფერში სჭირდება - მხოლოდ კონკრეტულად ადგილმდებარეობასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ სპეციფიკაციებზეა ორიენტირებული.

BBC-ის სტატიის თანახმად, ნათელია, რომ Facebook-ის, Instagram-ის, X-ის, Youtube-ის - ამ სუპერ პოპულარული პლატფორმების გიგანტური მასშტაბების ფონზეც კი კაცობრიობას აქვს საჭიროება, რომ კონკრეტულად სპეციალიზებული აპლიკაციები თუ ვებგვერდები არსებობდეს. Mozi-ისა და Flipboard-ის მსგავსი ინოვაციები უამრავია და ტენდენციაც იმას მიუთითებს, რომ თანდათან მათი მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება და მნიშვნელოვანი გახდება იმდენად, რამდენადაც ადამიანის ყოველდღიურობის უფრო მეტ ნაწილს დაიკავებს.

რაც შეეხება ნახსენებ ტენდენციას, თანამედროვე სამყაროში რომ ციფრულ სერვისზე მოთხოვნილება ყოველდღიურად იზრდება, ნათელია, თუმცა ამ ფონზე, Similarweb-ის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში X-ის მომხმარებელთა რიცხვი 2024 წლის იანვრიდან მოყოლებული 25%-ით შემცირდა. და ეს მხოლოდ X-ს არ ეხება, კლების დინამიკაა Facebook-ის მოხმარების შემთხვევაშიც, დესკტოპ ვერსიაზეც და მობაილზეც - ესეც Similarweb-ის ცნობებია.

ასევე, Pew Research Center-ის სტატისტიკის მიხედვით, წინა დეკადასთან შედარებით, როცა Facebook-ისა და X-ის მოხმარების პროცენტულობა 75%-იან მაჩვენებელზე იყო, ახლა ეს რიცხვი 33%-მდე არის შემცირებული.

BBC-ის ამ სტატიის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს აღარ უნდა ტრადიციულ პლატფორმებზე დიდი დოზით გაუფილტრავად მოზღვავებული ინფორმაციის ნიაღვარის მიღება და, მის გამოსაყენებლად, ფილტრაციაში დროის ხარჯვა, არამედ უბრალოდ სურს, ისეთი პრაქტიკული ციფრული სერვისები მიიღოს, რომლებიც პირდაპირ მათ საჭიროებებზეა მორგებული.

ირაკლი ფოფხაძე