რუსეთი აფხაზეთის ხუთ ქალაქში მგზავრების მულტიმოდალურ გადაყვანას განაახლებს

რუსეთიდან აფხაზეთში ზაფხულის სეზონისთვის მგზავრთა მულტიმოდალური გადაყვანა 30 აპრილიდან განახლდება და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მარშრუტზე რეისებს რუსული ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია “ერთიანი სატრანსპორტო დირექცია” რუსეთის რკინიგზასთან ერთად შეასრულებს.

ამის შესახებ რუსეთის ფედერალური სამგზავრო კომპანიის პრესსამსახური თავის Telegram-არხზე წერს, რასაც რუსული “კომერსანტი” ავრცელებს.

კერძოდ, მგზავრები მატარებლით ადლერის სადგურამდე ჩავლენ, საიდანაც აფხაზეთის ხუთ ქალაქში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ახალ ათონსა და სოხუმში ავტობუსები ყოველდღიურად იმოძრავებს.

ბილეთები 26 მარტიდან იყიდება. ასევე, სალაროებში, რუსეთის რკინიგზის ვებგვერდსა და მის მობილურ აპლიკაციაში გაყიდვაშია „საერთო“ სამგზავრო დოკუმენტი ფორმატით - „მატარებელი+ავტობუსი.“ ონლაინ-შეძენის შემთხვევაში მგზავრმა ოფცია „სატრანსფერო მარშრუტების“ არჩევით მარშრუტის საწყისი და საბოლოო პუნქტი უნდა მიუთითოს.

ავტობუსის სეგმენტის ღირებულება დანიშნულების მიხედვით მერყეობს. მაგალითად, გაგრამდე მგზავრობა 749 რუბლამდე (9 დოლარამდე), სოხუმამდე კი ათას რუბლამდე (12 დოლარამდე) ღირს. ავტობუსზე ბილეთის რეგისტრაცია გამგზავრებამდე 36 საათით ადრე წყდება.

მგზავრებს უფლება აქვთ, რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე 30 კგ-მდე წონის ხელბარგი უფასოდ გადაიტანონ, რომლის მთლიანი გაბარიტი 120 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ცხოველების გადაზიდვა დაუშვებელია, ხოლო ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ავტობუსში ადგილი უფასოა.

“კომერსანტის” მონაცემებით, მაისის დღესასწაულებზე სოჭში სამგზავრო სარკინიგზო გადაზიდვები, ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, მეოთხედით გაიზრდება, ხოლო ვაგონების შევსებადობა შარშანდელ დონეზე დარჩება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ