ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„VIP პალატების თანადაფინანსება კი არ უნდა მოხდეს, ყველა პალატა უნდა იყოს VIP“ - სურგულაძე

„VIP პალატების თანადაფინანსება კი არ უნდა მოხდეს, ყველა პალატა უნდა იყოს VIP“, - ასე აფასებს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას „ლელოს“ წევრი და ჯანდაცვის დარგის სპეციალისტი ვატო სურგულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს ე.წ. VIP პალატით სარგებლობის არჩევისას, თანაგადახდის შესაძლებლობა ექნება.

„მე რომ მკითხოთ, ყველა პალატა VIP უნდა იყოს. რას ნიშნავს VIP პალატა, რომ მე ცოტა ფული მაქვს და ვიღაცას მეტი და ამის მიხედვით უნდა ხდებოდეს პაციენტების გარჩევა? ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ სასტუმროში ნომერზე, ვსაუბრობთ ადამიანებზე! ადამიანი რატომ უნდა გრძნობდეს, რომ ვიღაც იღებს უკეთეს მომსახურებას ვიდრე ის, რადგან ის ვიღაც ოდნავ მდიდარია? VIP პალატების თანადაფინანსება კი არ უნდა მოხდეს, ყველა პალატა უნდა იყოს VIP - მაშინ გვექნება შედეგი ხარისხობრივი გაუმჯობესების კუთხით“, - განუცხადა BPN-ს ვატო სურგულაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განისაზღვრა ე.წ. VIP პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

„სიახლის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა - მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება - 350 ლარი (პირველი კატეგორიის), ან 250 ლარი (მეორე კატეგორია) გადაიხადოს“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 15 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერი ტაბატაძე