ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„ჩვენი პროდუქტი 10%-მდე გაძვირდა“ - „უმალი“ გაყინული თევზის ნახევარფაბრიკატების წარმოებას გეგმავს

„უმალის“ პროდუქცია 10%-ით გაძვირდა - ამის შესახებ „უმალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი წვერავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ძირითადად იმპორტირებული ნედლეულით მუშაობს, რომლის ღირებულება 15%-ით გაიზარდა, ფასების კორექტირება „უმალსაც“ მოუწია.

„ამ დროისთვის ვაწარმოებთ დაახლოებით, 40 სახეობის პროდუქციას. ესენია: თევზის პრესერვები, ქაშაყის ფილესგან მზადდება, 8 სახეობაა. შებოლილი სკუმბრია და ახლა შვედით ბაზარზე შებოლილი ბალტიის ქაშაყით.

ჩვენი პროდუქცია ძირითადად იმპორტირებული ნედლეულისგან მზადდება, 70% ნორვეგიიდან შემოდის, ხოლო 30%, კალმახი, კალმახის ქვირითი, ხიზილალა, ადგილობრვი ბაზარზეა შესყიდული. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო ბაზარზე ნედლეული დაახლოებით, 15%-ით გაძვირდა, ასევე გაიზარდა დამხმარე ნედლეულის ფასი, ისეთების როგორიც არის მზესუმზირის ზეთი, სანელებლები და ა.შ. საერთო ჯამში პროდუქციის 20-25%-ით გაძვირება მოითხოვა. თუმცა, ჩვენ შეძლებისდაგვარად დავწიეთ და ჩვენი პროდუქტი 10%-მდე გაძვირდა“, - ამბობს დიმიტრი წვერავა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 105 ადამიანი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წარმოება ზრდადია, შესაძლოა, 15-მდე თანამშრომელი კიდევ დაემატოს.

„წარმადობის ტენდენცია ზრდადია. შარშან თებერვალ- მარტთან შედარებით დაახლოებით, 10-15%-ით არის ნავაჭრი გაზრდილი. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, მოთხოვნა დაახლოებით ამდენითვე გაიზარდა. ამ პერიოდისთვის დასაქმებულია 105 ადამიანი, უახლოეს პერიოდში შესაძლოა, 10-15 ადამიანი კიდევ დავიმატოთ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე ვფიქრობთ, გაყინული პროდუქციის და ნახევარფაბრიკატების წარმოებას. ეს იქნება სხვადასხვა სახეობის გაყინული თევზი, რომელიც დაფასოებული მიეწოდება მომხმარებელს და მარტივი იქნება მომზადებაც. სავარაუდოდ, წარმოებაში ივლისისთვის ჩავუშვებთ“, - ამბობს დიმიტრი წვერავა.

ცნობისთვის, შპს „ახალი თევზი“ „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა და ის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. კომპანია ამ დროისთვის ჯამში 40 დასახელების თევზის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორის კი, ყველაზე ნოვატორული თევზის ხინკალი და პელმენი იყო.

ნინი ქეთელაური