„ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის - „ბრიტიშ ეარვეისმა“ შეასრულა პირველი პირდაპირი ფრენა ლონდონი-თბილისის მიმართულებით“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანულმა ავიაკომპანიამ პირველი რეისი თბილისის მიმართულებით სრულად დატვირთული ბორტით შეასრულა.
„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები დიდ ბრიტანეთში იმისთვის, რომ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს. გვაქვს არაერთი პროექტი ავიაკომპანიასთან იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წავახალისოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და დარწმუნებული ვარ, რომ „ბრიტიშ ეარვეისის“ შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის ახალი განაცხადი იქნება. შედეგად, გაიზრდება ტურისტული ნაკადები დიდი ბრიტანეთიდან, რაც პირველ რიგში, უზრუნველყოფს, რომ გააძლიეროს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეები და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. შეგვიძლია საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან წარმატებული იქნება,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში British Airways-ის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა. ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.
იხილეთ ასევე: რა ღირს თბილისი-ლონდონის რეისზე ბილეთები - დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყო