საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
დავითაშვილმა ელჩთან საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება. საუბრის თემა ასევე შეეხო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, შუა დერეფნის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისა და თანამშრომლობის წახალისებაზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2025 წელს სან ფრანცისკოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ, პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა იგეგმება და მისი მიზანი ქართული სტარტაპ კომპანიების ინტერნაციონალიზაცია და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა იქნება. პროექტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად განახორციელებენ. დანიგანმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო ამ წამოწყებას მხარს აქტიურად დაუჭერს.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს სავაჭრო მისიების ხელშეწყობის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის განხორციელდება.
მინისტრებთან ერთად, შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე და აშშ-ის საელჩოს ეკონომიკურ საკითხთა სექციის ხელმძღვანელის მოადგილე, დაიანა კოსტა ესწრებოდნენ.