საწყობებზე გაზრდილი მოთხოვნისა და საოპერაციო ხარჯების მატების ფონზე, საიჯარო ფასებიც გაიზარდა. ინფორმაცია „გალტ & თაგარტის“ კვლევაშია გამოქვეყნებული.
„2024 წელს, თბილისში ახალ კონტრაქტებში მშრალი საწყობების საშუალო იჯარა კვადრატულ მეტრზე, გადასახადების გარეშე, 5-6 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა - 2021 წელს ეს რიცხვი საშუალოდ 3.2 აშშ დოლარი იყო, 2022-ში - 3.8, ხოლო 2023-ში - 4.7.
ამასთან, საწყობის ხარისხის და დანიშნულების გათვალისწინებით, იჯარის ვარიაცია მაღალია. მოკლევადიან პერიოდში ფასების არსებულ ნიშნულზე დასტაბილურებაა მოსალოდნელი. თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ფასების დინამიკაზე მოთხოვნა/მიწოდების ბალანსი, საოპერაციო ხარჯების დინამიკა და სექტორის რეგულაციები იმოქმედებს.
რაც შეეხება მოთხოვნას, „გალტ & თაგარტის“ კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 40 მსხვილი კომპანია, რომლებიც თბილისის ბაზარზე საწყობებზე მოთხოვნის 38%-ს ქმნიან. შედეგები აჩვენებს, რომ მომდევნო სამ წელში საწყობებზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდება“, - აღნიშნულია "გალტ & თაგარტის" კვლევაში.